img1


საქართველოში ადვოკატის მანტია ყოველთვის ნიშნავდა მოვალეობას უპირველესად დაიცვა კლიენტი კანონით და არა ტყუილით. ანა და ლანა ქაჯაიების ბრალდების საქმეში ზოგიერთმა ეს მანტია საცირკო სცენის კოსტიუმად აქცია

ორი კურდღლის დევნა: ვინ კერავს სამარცხვინო საქმეს და რა დაუჯდებათ ეს

 

საქართველოში ადვოკატის მანტია ყოველთვის ნიშნავდა მოვალეობას უპირველესად დაიცვა კლიენტი კანონით და არა ტყუილით. ანა და ლანა ქაჯაიების ბრალდების საქმეში ზოგიერთმა ეს მანტია საცირკო სცენის კოსტიუმად აქცია.

 

საქმის მკერავები ადვოკატები არიან: რობერტ გრიგალაშვილი, ლევან ზაქრაძე, ქეთევან უტიაშვილი და ზაზა ხატიაშვილი.

 

პოლიტიკური ფლანგი: კახა კუკავა

 

ტყუილი, რომელიც საკუთარმა „მტკიცებულებამ“ ამხილა:

საგამოძიებო სამსახურის შენობის წინ გამართულ ფეისბუქ ლაივში ანა და ლანა ქაჯაიებმა საჯაროდ განაცხადეს, თითქოს ალექსანდრე ივანიშვილმა საქმის გავლით 200 000 დოლარი „შავი ფული გაათეთრა“, პროკურატურა და საგამოძიებო სამსახური კი „მის ჯიბეში“ არიან. ლაივი მოგვიანებით Facebook-იდან წაიშალა, თუმცა ჩანაწერი შენახულია. სიმართლეში დარწმუნებული ადამიანი ნათქვამს არ შლის.

 

საბანკო დოკუმენტები კი ასეთ სურათს გვიჩვენებს:

     • 12.10.2022. ალექსანდრე ივანიშვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, საკუთარი პირადი ანგარიშიდან პაატა ნუცუბიძის პირად ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარი გადარიცხა. დანიშნულება: „PRIVATE TRANSFER“ (პირადი გადარიცხვა) 

 • 22.11.2023. თანხა სრულად დაბრუნდა უკან.

 

ეს იყო კერძო სესხი, რომელიც დასრულებულია. შპს „ცენტრალ თაუერი საბურთალო“ ამ ოპერაციებთან დაკავშირებით არც ერთ დოკუმენტში არ ფიგურირებს. ეთერში თითქოსდა „მამხილებლად“ ნაჩვენები ქვითარი სინამდვილეში სესხის დაბრუნებას ადასტურებს. 

 

ოთხ გამოცდილ ადვოკატს ან ეს არ ესმის, ან ესმის და მაინც ატყუებს საზოგადოებას. რომელი ვერსიაა უფრო სამარცხვინო, ამის შეფასებას მათ კოლეგებს მივანდობთ.

 

პოლიტიკური ფლანგი: ქრთამი, რომელიც მხოლოდ ლაივებში არსებობს

 

კახა კუკავამ ამ თემას რამდენიმე ლაივი მიუძღვნა და ალექსანდრე ივანიშვილს საჯაროდ, უტიფრად დასდეს ბრალი ქრთამის აღებაში.

 

ალექსანდრე ივანიშვილს არც ერთი თეთრი არ მიუღია. პირიქით, მან საკუთარი ფული გასცა სესხად, საკუთარი ანგარიშიდანვე და ეს თანხა მოგვიანებით უკან დაუბრუნდა. ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა „ქრთამის ამღებად“ იმ ადამიანს აცხადებენ, ვისი ჯიბიდანაც ფული გავიდა.

 

ადამიანისთვის მძიმე დანაშაულის საჯაროდ მიწერა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე პოლიტიკური კრიტიკა არ არის. ეს ცილისწამებაა. პოლიტიკოსები, რომლებიც ქრთამის ბრალდებას ისე ავრცელებენ, რომ ერთი საბანკო დოკუმენტიც არ წაუკითხავთ, თავადვე აჩვენებენ, რა ღირს მათი სიტყვა.

 

ფაქტები, რომლებსაც ეს ჯგუფი ვერ გაექცევა

 

 • ბრალდებულების (ანა და ლანა ქაჯაიები )„მსხვერპლად“ წარმოჩენა. საქმეში დაზარალებულებად ცნობილნი არიან კომპანია და ხათუნა ნუცუბიძე და არა ქაჯაიები. 11.08.2026 წლის ბრალდება დაზუსტდა: ზიანი „არანაკლებ 5 მილიონი ლარია“.

 • ცრუ ბრალდებები ზურაბ ღარიბაშვილის მიმართ. მინდობილობა, რომელსაც ზურაბ ღარიბაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებები ეფუძნება, ლანა ქაჯაიამ თავად შეადგინა და ხელიც თავად მოაწერა. ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებსაც ლანა ქაჯაიამ თავად მოაწერა ხელი.

 • საგამოძიებო მასალების გასაჯაროვება. ღია წერილს დაკითხვის ოქმი დაურთეს, ბრალდებულმა კი ოქმების ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

 • სასამართლოზე ზეწოლა. სხდომამდე მობილიზაციის ბანერი გავრცელდა „სოლიდარობის“ მოწოდებით.

 • გამოძიებაზე ზეწოლა. ფეისბუქ ლაივები საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურისა და მთავრობის კანცელარიის წინ, სადაც მუქარა ისმის და პროკურორებისა და დაზარალებულების დაპატიმრებას ითხოვენ.

 • „მორეს კომპანის“ დავა - რეალურად კი ყადაღადადებული სადავო ქონების სხვა კომპანიაზე უსასყიდლოდ გადაფორმების მზაკვრული გეგმა. სარჩელი ქეთევან უტიაშვილმა შეიტანა. კომპანიის დირექტორმა, ლანა ქაჯაიამ, სარჩელი ცნო ისე, რომ მეორე, 50%-იან პარტნიორს არ აცნობა. რატომ ცნობს დირექტორი საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს? ამ კითხვას სასამართლოს წინაშე პასუხი სჭირდება.

 

ერთი ჯგუფი, ერთი მიზანი: 

 

ჩვენი შეფასებით, ამ ბინძური საქმის კერვაში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მთელი ჯგუფია ჩართული. მიზანი ერთი იყო: კომპანიის, პარტნიორებისა და მესამე პირების ქონების მითვისება. ამ მიზნის სამსახურში ჩადგა ამავე ჯგუფის მიერ ორგანიზებული ყალბი, ცილისმწამებლური პოლიტიკური კამპანია, ასევე მოწმეებსა და დაზარალებულებზე სისტემური ზეწოლა. ადვოკატები ქმნიან ცრუ ნარატივს, პოლიტიკოსები მას ტრიბუნიდან ავრცელებენ, ლაივები და ბანერები კი ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა.

 

ორი კურდღელი

 

ყველაფერი ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერის მცდელობას ჰგავს: ერთი მხრივ, ბრალდებულებთან „თანადგომით“ სარგებლის მიღება, მეორე მხრივ, ცნობილ გვარზე ოპოზიციური ნარატივის გაღვივება. ადვოკატები ფაქტებს კერავენ, კუკავა კი ამ ნაკერს ტრიბუნიდან ავრცელებს. პოლიტიკოსი შეიძლება შეცდეს. ადვოკატი კი, რომელიც გამოძიების მასალებს ფლობს და მაინც ტყუის, შეცდომას ვერ დაარქმევს თავის ქმედებას.  

 

რას ნიშნავს ეს მათთვის

 

ყოველი ლაივი ჩაწერილია. ყოველი პოსტი შენახულია. ყოველი წაშლილი ვიდეოს ასლი არსებობს. ეს მასალა შესაბამის ორგანოებს გადაეცემა: საგამოძიებო ორგანოს, ეთიკის კომისიას და სასამართლოს. ადვოკატთა ეთიკის კოდექსი ადვოკატს ავალდებულებს, შეცდომაში არ შეიყვანოს არც სასამართლო და არც საზოგადოება. საპროცესო კანონმდებლობა კი გამოძიების მასალების გასაჯაროებას კრძალავს.

 

კამერის წინ საჯაროდ ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებთ. ადვოკატის მანტიას დამნაშავე ვერ ამოეფარება, ყველაფერი ფულით არ იყიდება, ხოლო მეთოდები, რომლებითაც სხვის ქონებას ეუფლებოდნენ, აღარ მუშაობს.

 

მიზანი სამარცხვინო იყო, შედეგიც სამარცხვინოა.

 

გაგრძელება ბევრად მწვავე იქნება.