img1


მამუკა ნოზაძეს სტრასბურგმა უფლებამოსილების გადაჭარბება დაუდგინა, საქართველოში კი ადვოკატთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს!

მამუკა ნოზაძის შესახებ კიდევ ერთი სასამართლო დოკუმენტი მოვიძიეთ, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ.

 

ამჯერად საქმე მხოლოდ 2013 წლის აკრძალვას არ ეხება.

 

2012 წლის 3 აპრილი — საქმე „ალადაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, №17491/09.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანმა საკუთარი საჩივრის გამოხმობა მოითხოვა, მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ კი კლიენტის სახელითა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

 

რა გაირკვა?

 

სასამართლოს დოკუმენტის თანახმად, მამუკა ნოზაძეს პროტესტის წარდგენამდე კლიენტთან საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდა. მან იმოქმედა თვითნებურად, კლიენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, კლიენტის დამაზიანებლად. 

 

უფრო მეტიც, მოგვიანებით ადვოკატმა თავადაც აღიარა, რომ ქმედებამდე კლიენტს არ გასაუბრებია. 

 

ევროპული სასამართლოს შეფასება განსაკუთრებით მკაცრი იყო: ადვოკატმა გადააჭარბა კლიენტისგან მინიჭებულ უფლებამოსილებას და ხელი შეუშალა სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებას.

 

ევროპულმა სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ქცევა იზოლირებული შემთხვევა არ ყოფილა და მიუთითა კიდევ ერთ საქმეზე — „კოჭლამაზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

 

2013 წლის 22 ოქტომბერი — შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

ევროპული სასამართლოს მესამე სექციის თავმჯდომარემ მამუკა ნოზაძეს აუკრძალა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივნების წარმომადგენლობა და სხვაგვარად დახმარება როგორც მიმდინარე, ისე მომავალ საქმეებში.

 

ეს ფაქტი პირდაპირ დასტურდება ევროპული სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით — „მაზანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, №19882/07, 27-ე პუნქტი.

 

2025 წლის 24 დეკემბერი — სრულიად განსხვავებული სურათი საქართველოში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მამუკა ნოზაძე თავმჯდომარედ აირჩია!

 

დიახ, ადვოკატი, რომლის მოქმედებებიც სტრასბურგის სასამართლომ უფლებამოსილების გადაჭარბებად შეაფასა, დღეს იმ ორგანოს ხელმძღვანელობს, რომელსაც სხვა ადვოკატების პროფესიული ქცევის მართლზომიერების შეფასება ევალება. 

 

მამუკა ნოზაძე არის ირაკლი ყანდაშვილის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატი და ეთიკის კომისიის მისივე მხარდაჭერილი თავმჯდომარე. ამ დიდი უხერხულობის დირიჟორიც ყანდაშვილია, რომელმაც ისე შეაჩეჩა ნოზაძის კანდიდატურა ადვოკატებს, თვალიც არ გადაუვლია მისი უხერხული პროფესიული წარსულისთვის. 

 

და ახლა კითხვები, რომლებზეც პასუხს საზოგადოება იმსახურებს:

 

იცოდნენ თუ არა ეთიკის კომისიის წევრებმა, რომ ევროპულ სასამართლოს ნოზაძის მოქმედებებთან დაკავშირებით ასეთი შეფასებები ჰქონდა გაკეთებული?

 

შეისწავლა თუ არა ასოციაციამ სტრასბურგის 2012 და 2014 წლების სასამართლო დოკუმენტები?

 

როგორ შეაფასეს ამ გარემოებების გავლენა ეთიკის კომისიის ხელმძღვანელის მიმართ პროფესიულ ნდობაზე?

 

არსებობს თუ არა ოფიციალური განმარტება, რატომ მიიჩნიეს ნოზაძის კანდიდატურა მისაღებად?

 

და მთავარი კითხვა:

 

თუ ევროპულმა სასამართლომ ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებამოსილების გადაჭარბება დააფიქსირა, რა სტანდარტით აფასებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იმავე ადვოკატის პროფესიულ წარსულს?!

 

ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მიმართ სტანდარტი არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე იმ ადვოკატების მიმართ, რომელთა საქმეებსაც ეს კომისია განიხილავს.

 

ბატონო მამუკა ნოზაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციავ — საზოგადოება დასაბუთებულ განმარტებას ელოდება!

 

როცა სხვების ეთიკას აფასებ, საკუთარი პროფესიული წარსულის შესახებ კითხვებსაც უნდა უპასუხო!

 

მზად ვართ, სრულად გამოვაქვეყნოთ მამუკა ნოზაძისა და ადვოკატთა ასოციაციის პასუხები, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, პასუხი არ იქნება, რადგან არც ასოციაციას და არც მის მოქმედ თავმჯდომარეს საზოგადოებისა და ადვოკატთა კორპუსის წინაშე სათანადო პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. ასე რომ, ეს საკითხიც დარჩება უპასუხოდ. პასუხით და უპასუხოდ, მამუკა ნოზაძემ და ირაკლი ყანდაშვილმა თანამდებობებით უნდა აგონ პასუხი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ყველაზე არაერთიკური თავმჯდომარისათვის