ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია ადვოკატებს ზნეობას ასწავლის. აფასებს, ვინ მოიქცა ღირსეულად და ვინ — არა. საპატიო მისიაა. პრობლემა მხოლოდ ერთია: სხვებს ეთიკას ის ასწავლის, ვისაც, ჩვენი ინფორმაციით, თავადაც ძალიან სჭირდება ამ საგნის გამეორება.
ვიწყებთ სერიას ეთიკის კომისიის წევრებზე. თითოეულს იმავე სასწორზე ავწონით, რომლითაც ისინი სხვებს წონიან. პირველი, ბუნებრივია, თავად თავმჯდომარეა — მამუკა ნოზაძე. ეთიკა ხომ თავიდან იწყება.
ბიოგრაფია, რომელსაც არავინ კითხულობს
ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს უნაკლო წარსული უნდა ჰქონდეს. ეს თავისთავად ცხადია — ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. ამიტომ მარტივ კითხვას ვსვამთ: აკმაყოფილებს თუ არა ნოზაძის ბიოგრაფია იმ სტანდარტს, რომელსაც ეს თანამდებობა მოითხოვს? შეამოწმა თუ არა ეს ვინმემ მისი არჩევისას, თუ ამის ნაცვლად დრო ტელეკამერებს დაეთმო?
კონფიდენციალობა ნოზაძის სტილში
დისციპლინური წარმოება ეთიკის კომისიაში კონფიდენციალურია. ეს წესი იმისთვის არსებობს, რომ ადვოკატის რეპუტაცია დაცული იყოს, სანამ კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. საჩივარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს დარღვევას. ეს ყველა სტუდენტმა იცის. როგორც ჩანს, მამუკა ნოზაძემ— არა.
ჩვენი ინფორმაციით, ბატონი ნოზაძე ენას კბილს ვერ აჭერს. როგორც გვიყვებიან, განხილვაში მყოფ საქმეებს ის მესამე პირებთან განიხილავს, რომლებსაც ამ ინფორმაციაზე არანაირი უფლება არ აქვთ. გამოდის, რომ მისთვის კონფიდენციალობა სხდომის დარბაზის კარამდე მოქმედებს, კარს მიღმა კი ჩვეულებრივი ჭორაობა იწყება. ადვოკატმა, რომლის საქმეც კომისიაშია, შესაძლოა ქალაქში დაძრული ხმები კომისიის გადაწყვეტილებაზე ადრე გაიგოს.
კოლეგიალობა ნოზაძის ვერსიით
იმავე წყაროების თანახმად, ბატონი ნოზაძე კოლეგა ადვოკატებზე ისეთი შეფასებებით საუბრობს, რომლებიც მათ დისკრედიტაციას ემსახურება. ზოგჯერ კი იმ დროს, როცა მათი საქმე მისივე კომისიის განხილვაშია. ჯერ განაჩენს ჩურჩულით აცხადებს, მერე კი საქმეს ოფიციალურად, „მიუკერძოებლად" იხილავს ქუჩაში. მოსახერხებელი ფორმატია, თუმცა პროფესიონალიზმს და კაცობას ნაკლებად ჰგავს.
რა არის ეს, თუ არა არაპროფესიონალიზმი? როცა თანამდებობით მოპოვებული ინფორმაცია და გავლენა კოლეგების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც თავად არღვევს იმ წესებს, რომელთა დაცვაც მისი მოვალეობაა, იმ მეხანძრეს ჰგავს, რომელიც ასანთით ხელში მორიგეობს.
ფინანსები: ეთიკის ფასი
და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მის ქეისზე მუშაობისას სხვა კითხვებიც გაჩნდა. რა სტანდარტით იხილება საქმეები? რატომ ვლინდება ზოგის მიმართ რკინისებური პრინციპულობა, ზოგის მიმართ კი — მამობრივი შემწყნარებლობა? და რა კავშირი აქვს ეთიკის კომისიის ხელმძღვანელობას ასოციაციის სახსრების ათვისებასთან? როგორც ჩანს, ეთიკა შეიძლება ფასიანი სერვისიც იყოს.
ნაჩქარევ დასკვნებს არ გავაკეთებთ. ამ თემას დავუბრუნდებით დოკუმენტებით, ციფრებითა და ფაქტებით, რათა მკითხველმა თავად შეაფასოს, ეთიკურია თუ არა თავად ეთიკის თავმჯდომარე.
სიუჟეტის გამოქვეყნებამდე ბატონ ნოზაძეს კომენტარისთვის მივმართავთ. მას უყვარს ჭორაობა ჩვენ კი ფაქტებით და დოკუმენტებით ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვართ, ამჯერად ყველაფერს პირადად გვეტყვის და არა მესამე პირების მეშვეობით
გაგრძელება იქნება.
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25