img1


რატომ ცდილობს ზაზა ხატიაშვილი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას?

ზაზა ხატიაშვილის პერსონაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ ქართული საზოგადოება მას კარგად იცნობს. ცნობილია მისი წარსულიც, პოლიტიკური ბექგრაუნდიც და ის საჯარო პოზიციებიც, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთხელ გამოუხატავს.

 

ამჯერად ყურადღება სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო.

 

ადამიანი, რომელიც დღეს ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლოს წინააღმდეგ საჯარო განცხადებებს აკეთებს და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებაში ნდობის შერყევას ცდილობს, ამავე დროს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატია. საუბარია დები ქაჯაიების საქმეზე, სადაც დაცვის მხარე ბრალდებას თაღლითობის საქმეზე უპირისპირდება.

 

როგორც საქმის ადვოკატს, ხატიაშვილს საქმის მასალებსა და მტკიცებულებებზე გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე რიგით მაყურებელს. სწორედ ამიტომ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა:

 

რატომ იწყება სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს?

 

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის არასასურველი აღმოჩნდება, უკვე წინასწარ იქმნება ნარატივი, რომ ეს გადაწყვეტილება „კლანის“, „რეჟიმის“ ან რაიმე სხვა წინასწარ განსაზღვრული ძალის შედეგი იქნება.

 

ეს უკვე უბრალოდ სასამართლოს კრიტიკა აღარ არის.

 

სასამართლოს საქმიანობის კრიტიკა დემოკრატიული საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია. მაგრამ სასამართლოს მიმართ მძიმე ბრალდებებს კონკრეტული ფაქტები, არგუმენტები და მტკიცებულებები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას ფაქტების შეფასების ნაცვლად მზა დასკვნას სთავაზობენ.

 

და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა:

 

ხომ არ ცდილობს ხატიაშვილი წინასწარ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარისთვის არასასურველი ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტომატურად სასამართლოს დისკრედიტაციის საფუძველი გახდება?

 

თუ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება სასამართლოს მიკერძოებულობის შესახებ საზოგადოებამ ის უნდა ნახოს.

 

თუ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სასამართლოს სისტემის ლეგიტიმაციისთვის დარტყმის მიყენება უფრო პოლიტიკური და საინფორმაციო კამპანიის ნიშნებს იძენს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტაციას.

 

ამასობაში კი, ინაშვილის ტელეეთერში დები ქაჯაიები სასამართლოს წინააღმდეგ საკუთარ ვერსიებს ავრცელებენ, ხოლო ზაზა ხატიაშვილი, როგორც მათი ადვოკატი, ამავე სივრცეში სასამართლოსადმი უნდობლობის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს.

 

ცალკე თემაა თავად ხატიაშვილის „ავტორიტეტზე“ შექმნილი მითები და ლეგენდები ამაზე მოგვიანებით.

 

ვინც საქმეს თვალს ადევნებთ, იცით: დები ქაჯაიები თაღლითობის საქმეზე არიან ბრალდებულები. სასამართლოში კი უნდა გადაწყდეს არა ტელეეთერის, არამედ მტკიცებულებებისა და კანონის საფუძველზე, არის თუ არა წარდგენილი ბრალდება დასაბუთებული.

 

ტელევიზიის ეთერი სასამართლო დარბაზი არ არის.

 

ტელეწამყვანის ემოციური მონოლოგი მტკიცებულება არ არის.

 

ადვოკატის პოლიტიკური განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის.

 

და სასამართლოს წინასწარ გამოცხადება „კლანად“ მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიაროს სამართლებრივი არგუმენტი ნამდვილად არ არის.