img1


ხატიაშვილის თეატრი: ფარსი ქართული ადვოკატურის სახელით

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, წლებია ერთი ამპლუის ერთგული რჩება ველური თეატრალიზაციის. „სასამართლო კლანები", „პოლიტიკური მართლმსაჯულება"... მისთვის ეს ფრაზები არგუმენტი არ არის, ეს ხმაურის ინსტრუმენტია ხმაურისა, რომელიც ყოველ ჯერზე იქ ჩნდება, სადაც პროფესიული მსჯელობა უნდა იყოს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ისხამდა ბორკილებს და როგორ წვებოდა სასამართლოს კიბეებზე. ეს დაცვა არ იყო, ეს შოუ იყო.

 

იმას, რასაც ხატიაშვილი „დაცვის ტაქტიკის" სახელით გვთავაზობს, ანალოგი არ მოეძებნება ანტიკური ეპოქის სამართალშიც კი. ამ ცირკის ბილეთის ფასს კი მთელი ქართული საადვოკატო კორპუსი იხდის: საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადვოკატის პროფესია ხშირად სწორედ მისი ტრიუკებით ფასდება.

 

ხატიაშვილის კარიერის აღმავლობა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებს დაემთხვა იმ წლებს, როდესაც სამართალდამცავ სისტემას ზურაბ ადეიშვილი მართავდა. მათ ახლო კავშირზე, ნათლიმამობის ჩათვლით, საჯარო სივრცეში არაერთხელ ითქვა. კითხვა მარტივია და პასუხს მოითხოვს: რა ფასი ჰქონდა ამ კავშირს და რა როლი ითამაშა მან ხატიაშვილის გზაზე ასოციაციის თავმჯდომარის სავარძლისკენ?

 

ასოციაციის შიდა ინსტიტუტებში გავლენის შესანარჩუნებლად მისი ბრძოლა დღესაც გრძელდება, თან თავგამოდებით. რატომ ასეთი თავგამოდება? ადვოკატებს აქვთ უფლება, იცოდნენ, როგორ იხარჯებოდა მათი საწევრო შენატანები და ასოციაციის ფინანსები მისი მმართველობის წლებში. ვითხოვ დამოუკიდებელ, საჯარო აუდიტს. თუ დასამალი არაფერია, აუდიტის შიშის საფუძველი არ არსებობს.

 

ადეიშვილიც და სააკაშვილიც დღეს მსჯავრდებულები არიან. რეჟიმი, რომლის ჩრდილშიც ეს კარიერა დაიბადა, სამართლის წინაშე წარსდგა. ანგარიშვალდებულება ადრე თუ გვიან ყველას მიაკითხავს. ბორკილებით თეატრმა შეიძლება ხმაური შექმნას, მაგრამ მითვისებულ თანხებზე ანგარიშს და სათანადო სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ჩაანაცვლებს.

 

ქართული ადვოკატურა ზაზა ხატიაშვილის ცირკი არ არის.