img1


ზურაბ ღარიბაშვილი — ყოფილი ნოტარიუსის ანა ქაჯაიას და მისი ოჯახის „სცენარის" კიდევ ერთი მსხვერპლი

ზურაბ ღარიბაშვილი — ყოფილი ნოტარიუსის ანა ქაჯაიას და მისი ოჯახის „სცენარის" კიდევ ერთი მსხვერპლი

მსხვერპლი, რომლის ფული, კომპანია და ოჯახი ქაჯაიების „ხელობას“ შეეწირა. ვინც „ცენტრალ თაუერი საბურთალო"-ში ფული ჩადო, კომპანია ამოასუნთქა, მშენებლობა აწარმოა სრულად თავისი ხარჯებით და დღეს „ზიანის" აქეთ ედავებიან და კომპანიიდან გარიცხვით ემუქრებიან, რათა მის მიერ უკვე დახარჯული ფულიც შეირჩინონ და მომავალშიც არავითარი სარგებელი არ მისცენ აშენებული ფართებიდან.

ზურაბ ღარიბაშვილმა შპს „ცენტრალ თაუერი საბურთალოში" 1 500 000 აშშ დოლარი ჩადო. ეს ფაქტი დოკუმენტებით და შესრულებული სამუშაოებით დასტურდება. მისი ფულით კორპუსი პირველიდან მეშვიდე სართულის ჩათვლით აშენდა, ბანკის ვალდებულებები დროულად სრულდებოდა. დღეს ის ისევ 50%-იანი პარტნიორია, თუმცა კომპანიის მართვაზე ბერკეტი აღარ აქვს. 2025 წლის 25 დეკემბრიდან ერთპიროვნული დირექტორი ლანა ქაჯაიაა, ყოფილი ნოტარიუსის, ანა ქაჯაიას და, დები ქაჯაიები კი დედამისთან მანანა ბიგვავასთან ერთად, ზიანის ანაზღაურებას ედავებიან ზ. ღარიბაშვილს, სასარჩელო მოთხოვნა კი პარტნიორის გარიცხვასა და ფინანსური ვალდებულების დაკისრებას მოიცავს. 

ვინ ჩადო ფული და ვინ გაიტანა?

ზურაბ ღარიბაშვილს კომპანიიდან პირადად არაფერი მიუღია. სამაგიეროდ, კომპანიის საბანკო ამონაწერების მიხედვით, მისი პარტნიორობის პერიოდში ლანა ქაჯაიას სახელზე კომპანიიდან 800 000 ლარი გავიდა. ამ თანხის საფუძველი და მიზნობრიობა დღემდე ახსნილი არ არის. ერთ მხარეს 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია დგას, მეორე მხარეს 800 000 ლარის გატანა.

ბრალდებულ დებს-ქაჯაიებს იგივე „ლეგენდა" და იგივე ფინალი ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ სამართალმა ხელი შეუშალათ, მათი „მფარველები“ დღეს ზოგი განსასჯელის, ზოგი კი მსჯავრდებულის სკამზე დაჯდა!

ზურაბ ღარიბაშვილამდე იმავე კომპანიიდან ჩამოაშორეს ხათუნა ნუცუბიძე - პროექტის შემქმნელი, პროცესის დამწყები და სულის ჩამდგემლი, რომელიც ატარებდა ასევე სრულ ფინანსურ რისკს! მისი 50%-იანი წილი 300 ლარად თაღლითურად გადაფორმდა ბრალდებული დების დედის, მანანა ბიგვავას სახელზე. ამ გადაფორმების საფუძველი შეთანხმების ასლი იყო, რომლის მე-4 პუნქტი, ექსპერტიზის დასკვნით, დედანში არ არსებობს და მოგვიანებით არის მიწერილი. ანა და ლანა ქაჯაიებს ბრალი წარდგენილი აქვთ არანაკლებ 5 მილიონი ლარის ქონების თაღლითობისთვის.

 

ღარიბაშვილს დღეს იმავე ფორმულით ედავებიან, როგორითაც სხვებზე უმუშავიათ: „ინვესტიცია არ განახორციელა". თუმცა მისი ინვესტიცია , საბანკო დოკუმენტებით და შესრულებული სამუშაოებით დასტურდება. ღარიბაშვილის განცხადებით, ეს თემა მის მიმართ მუქარის ტონითაც გაჟღერდა: „როგორც ნუცუბიძეს, შენც იგივე ბედი გელოდება".

ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი არა ფინანსები, არამედ ის ფასია, რომელსაც ოჯახი ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის იხდის. 

ეს ისტორია მხოლოდ ფულს არ ეხება. ზურაბ ღარიბაშვილის მეუღლე ნანა ელიავა შვილმკვდარი დედაა. დავის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მას უფროსი შვილი, გიო გარდაეცვალა. ეს ტკივილი იცოდა ანა ქაჯაიამაც, მაშინ მოქმედმა ნოტარიუსმა, სახელმწიფოსგან ნდობით აღჭურვილმა პირმა.

ნანა ელიავას განცხადებით, 2023 წლის 12 აგვისტოს, გამთენიისას, მას და მის ქალიშვილს ენით უთქმელი შეტყობინებების ნიაღვარი დაატყდათ. ამ შეტყობინებებში, ანა ქაჯაია გარდაცვლილ გიოს ისეთი ამაზრზენი, ისეთი საზიზღარი სიტყვებით მოიხსენიებდა, რომელთა გამეორებაც ნორმალური ადამიანის ენით შეუძლებელია. ქაჯაიების მხრიდან წამოსულმა შეურაცხყოფამ მიწის ქვეშ მყოფი ბავშვის ხსოვნაც არ დაინდო. ამავე შეტყობინებებში ნანა ელიავას ცოცხლად დარჩენილი შვილების სიცოცხლითაც ემუქრებოდნენ.

დაუფიქრდით: დედას, რომელიც შვილის საფლავიდან ჯერ ფეხზე არ წამომდგარა, გამთენიისას მესიჯი მისდის, რომელშიც მის გარდაცვლილ შვილს ლანძღავენ, დარჩენილებს კი სიკვდილით ემუქრებიან. ეს არ არის ბიზნესდავა. ეს არ არის „ემოციური კონფლიქტი", ეს არის გარდაცვლილი ბავშვის ხსოვნის იარაღად გამოყენება, რათა დედა გატეხოს, მორალურად დაანგრიოს, ოჯახი დაიმორჩილოს, კომპანია ხელში ჩაიგდოს. ამაზე დაბლა ადამიანური დაცემა არ არსებობს.

ნანა ელიავამ მუქარისა და ოჯახის დევნის ფაქტებზე სამართალდამცავებს მიმართა, გამოძიება მიმდინარეობს.

პარალელურად, სოციალური ქსელის ლაივებში ოჯახის წევრები და საქმის მონაწილეები სახელებითა და გვარებით იხსენიებიან, მათ ისევ ლანძღავენ, ცილს წამებენ, შეურაცხყოფენ, ასევე, ქვეყნდება გამოძიების მასალები.

ამ ოჯახმა ფული, კომპანიის მართვა და წლების შრომა დაკარგა, მაგრამ ყველაზე მძიმე შედეგი ამ ისტორიაში შვილმკვდარი დედის ტკივილია, რომელიც ქაჯაიებმა ცინიზმის, ჩაგვრისა და შანტაჟის ინსტრუმენტად აქციეს.

კითხვა, რომელიც პასუხს ითხოვს

რატომ აღმოჩნდა ერთი კომპანიის ორივე პარტნიორი - ერთი, ვინც პროექტი შექმნა და მეორე, ვინც მილიონ-ნახევარი დოლარი ჩადო, კომპანიის მართვის მიღმა? და ადამიანები რომლებისთვის ძალადობა, გაყალბება და მითვისება ხელობაა დღეს პოლიტიკური დევნის ობიექტად რატომ ასაღებენ თავს?

სამართალი ქუჩის პროტესტით არ უნდა იმართებოდეს. ესაა საზოგადოების მოთხოვნაც. სამართალი დროული და ეფექტური მართლმსაჯულებაა, რომელიც აუცილებლად დასჯის ნამდვილ დამნაშავეს!