რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, რუსეთში შეიქმნა მოხალისეთა საერთაშორისო სამხედრო დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის არის ჩამოყალიბებული.
დანაყოფის მეთაურად TASS ასახელებს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც გამოცემის ცნობით, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მოხალისედ მონაწილეობს.
რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, დანაყოფის სახელწოდება დაკავშირებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
მისი თქმით, დანაყოფში გაერთიანდნენ სხვადასხვა ეროვნების მოხალისეები, რომლებიც მხარს უჭერენ „რუსი და ქართველი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას“ და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას.
რომანოვ-ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია იმ „ბოროტებასთან ბრძოლის დასრულება“, რომელიც, მისი შეფასებით, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება.
TASS-ის ცნობით, რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ მისი გუნდი ასევე ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას.
ინფორმაცია „გეორგიევსკის“ დანაყოფის შექმნისა და მისი შემადგენლობის შესახებ ამ ეტაპზე TASS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეფუძნება. დანაყოფის მასშტაბისა და საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ დამოუკიდებელი დადასტურებული დეტალები შეზღუდულია.
2026-08-10
2026-08-08
2026-08-08
2026-08-06
2026-08-06
2026-08-05
2026-08-04
2026-08-03
2026-08-01
2026-08-01