პოსტი ვრცელია.. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი.
იცით, რომ წლებია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის არაპროფესიონალიზმზე, საჯაროდ ვსაუბრობ. აი ახლა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შესაბამის ზემდგომ ორგანოებს და თანამდებობის პირებს ის რეალობა დაგანახოთ, რაც გვაქვს.. არანაირი პიროვნული შუღლი ვინმეს მიმართ ან სახელმწიფო უწყების მიმართ, პირიქით, მათი გაჯანსაღებისკენ ვისწრაფვი.
იცით რომ დავიწყეთ კიდეც გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და იმედი მაქვს, შედეგებს მივაღწევთ.
თუმცა, ამასობაში, სააგენტოს ჩართულობით უამრავი ბავშვის ბედი არასწორად გადაწყდა.. ამის გატარება უბრალოდ არ შემიძლია..
არაერთ საქმეზე მაქვს მიმართული სააგენტოს ზემდგომი უწყებებისთვის, მაგრამ სააგენტოს თანამშრომელთა ქმედებებს, რეალურად არავინ იკვლევს.
აი, თუნდაც ეს ვიდეო, იმის ნათელი მტკიცებულებაა და მაგალითია, რასაც ვამბობ. შემიძლია მხოლოდ სახალხო დამცველის შესაბამისი აპარატი გამოვყო, რომელიც ადგენს გადაცდომებს, რაც მათ წლიურ ანგარიშებში აისახება და სამწუხაროდ, მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს.
ამიტომ გადავწყვიტე, რეალობა დაგანახოთ. აქვე, ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც გავასაჯაროვებ.
მჯერა, რომ საღად მოაზროვნე პროფესიონალები, სწორ შეფასებას მისცემთ და მიხვდებით, რომ მარიამი არ ტყუის და რასაც ითხოვს, სწორად ითხოვს..
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ადვოკატის მხრიდან სწორი ნაბიჯი არ არის, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანაში ბავშვის უფლებებს თავად ის უწყება არღვევს, რომელსაც მათი დაცვა ევალება, მზად ვარ, ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევეჭიდო.
ეს ისტორია ჩეხეთის მოქალაქეებს ეხებათ და განსაკუთრებული ინტერესი ვლინდება სააგენტოს მხრიდან. წლებია ვიბრძვი ამ საქმეში.. წლებია ვხედავ ბავშვს როგორ უნგრევს ცხოვრებას თავად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და როგორ ვერ იცავს მის ინტერესებს..
მამას, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თავად ზრდიდა შვილს (მშობლებს შორის ამგვარი შეთანხმება არსებობდა), სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თითქოს ბავშვის ინტერესებს უგულებელყოფდა (იმ მიზეზით, რომ, თითქოს, დედას არ აძლევდა შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობას), შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და შვილი ჩამოართვეს.
მე გამოვითხოვე ინფორმაცია, რამდენი ოჯახიდან არის ბავშვი გამოყვანილი სწორედ ამ საფუძვლით. დარწმუნებული ვარ არც ერთიდან, გარდა ამ შემთხვევისა. მეტიც, არსებობს უამრავი აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება, უამრავი მშობელი არ ანახებს მეორე მშობელს შვილს, თუმცა ასეთ უკიდურეს ზომას სააგენტო სხვა საქმეებში არ მიმართავს.
მე გაჩვენებთ სწორედ აღსრულების პროცესის ფრაგმენტებს, სადაც სააგენტოს მამისაგან მიჰყავს ბავშვი და გადასცემს დედას.
მანამდე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მამამ სასამართლოს მიმართა და მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მამა ბავშვის ინტერესებს უგულებელყოფდა, მეტიც, მამასთან ყოფნის პერიოდიც კი თავად სააგენტოს დადებითად ჰქონდა შეფასებული მანამ, სანამ გარკვეული ინტერესები გაჩნდებოდა.
მიუხედავად შემაკავებელი ორდერის გაუქმებისა, მამას შვილი აღარავინ დაუბრუნა.
ეს ვიდეო საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს გიჩვენებთ. ამავდროულად, ვისაუბრებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმ არაპროფესიონალურ ქმედებებზე, რომლებზეც დღემდე არავის უგია პასუხი.
დააკვირდით წითური თმით ქალბატონს, ის სოციალური მუშაკია, რომელსაც არათუ თუნდაც ამ კონკრეტული ქმედებებისთვის ვინმეს პასუხი მოუთხოვია, არამედ რამდენადაც ვიცი, დააწინაურეს კიდეც.. არანაირი პიროვნული ინტერესი, მაგრამ ჩემი შეფასებით, მისი ქმედებები პროფესიონალიზმისგან შორს არის.
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ ბავშვის გადაცემა და აღსრულების პროცესი მიმდინარეობს მაღაზიაში, უამრავი ადამიანის თანდასწრებით.
ძნელია იმის დასაბუთება, თუ როგორ შეიძლება ასეთი გარემო შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპს. ბავშვის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მას ეხება, ჩატარდეს უსაფრთხო, მშვიდ და ბავშვის ღირსების დამცველ გარემოში, რათა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი სტრესი, შიში და საჯარო ტრავმირება.
როდესაც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს საჯარო სივრცეში, უცხო ადამიანების თვალწინ, იქმნება რეალური რისკი, რომ ბავშვს მიადგეს დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანი. სწორედ ამიტომ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა :-რატომ არ შეირჩა ისეთი გარემო, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მის ღირსებას სრულად დაიცავდა? იმიტომ, რომ საქმეს არაპროფესიონალები ასრულებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: ბავშვის გამოყვანისა და მშობლისგან განცალკევების პროცესს ფსიქოლოგი არ ესწრება.
ბავშვისთვის მშობლისგან იძულებითი განცალკევება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სტრესული გამოცდილებაა. ასეთ დროს ფსიქოლოგის ჩართულობა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა კი არ არის, არამედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ფსიქოლოგის მონაწილეობა აუცილებელია იმისთვის, რომ შეფასდეს ბავშვის ემოციური მდგომარეობა, შემცირდეს ტრავმის რისკი, პროცესის მონაწილეებს მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს დაუყოვნებლივ გაეწიოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
ამ შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროცესი მიმდინარეობს ფსიქოლოგის გარეშე.
აქაც სრულიად ლეგიტიმურია კითხვა: როგორ შეაფასა სააგენტომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი, როდესაც პროცესში ის სპეციალისტიც კი არ იყო ჩართული, რომლის პროფესიული მოვალეობაც სწორედ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის დაცვაა? აქაც პასუხი იგივე მაქვს..
ახლა კი დააკვირდით თავად სოციალური მუშაკის ქცევას (ქალი წითური თმით).
ვიდეოში ჩანს, რომ სოციალური მუშაკი ბავშვის თანდასწრებით ხმამაღალი ტონით მიმართავს, უყვირის მამას და ასევე კონფლიქტურ კომუნიკაციაში შედის მაღაზიის თანამშრომელთან (მაღაზიის თანამშრომელი თავად განუმარტავს, რომ სცენები დადგით მაღაზიაშიო და სად წავიდე, თვალები დავხუჭოო).
ასეთ ვითარებაში მთავარი კითხვა ისევ ბავშვის საუკეთესო ინტერესია. სოციალური მუშაკის პროფესიული ვალდებულებაა, საკუთარი ქცევით მაქსიმალურად შეამციროს დაძაბულობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია და უზრუნველყოს ბავშვისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო.
ხმამაღალი საუბარი, დაპირისპირება და აგრესიული კომუნიკაცია ბავშვებში აძლიერებს შიშს, დაუცველობის განცდას და ემოციურ სტრესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მათივე ოჯახის წევრების მონაწილეობით ხდება.
სწორედ ამიტომ, მსგავსი სიტუაციის მართვისას სოციალური მუშაკისგან მოსალოდნელია დეესკალაციის, მშვიდი კომუნიკაციისა და პროფესიული ნეიტრალიტეტის დაცვა. როდესაც პროცესს თავად ის პირი ამძაფრებს, რომელსაც ბავშვის ინტერესების დაცვა ევალება, ჩნდება საფუძვლიანი კითხვა:- რამდენად შეესაბამებოდა ასეთი ქცევა ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპს და პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს? რათქმაუნდა არ შეესაბამებოდა..
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რაც, ალბათ, ყველაზე მძიმე სანახავია.
დააკვირდით ბავშვს.. ის მამისკენ იშვერს ხელს, ეძახის მას, ხოლო მამა ინსტინქტურად მიჰყვება შვილს. ეს არის ბავშვის ბუნებრივი რეაქცია იმ ადამიანისკენ, რომელსაც უსაფრთხოებისა და ემოციური კავშირის წყაროდ აღიქვამს.
კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ აშკარად არ ჩანს, ბავშვი წინასწარ მომზადებული იყოს ამ პროცესისთვის. ასეთ ვითარებაში ბავშვის მოულოდნელად განცალკევება იმ პირისგან, ვისთანაც ცხოვრობდა და ვისთანაც ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდა, მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქოლოგიური ტრავმის რისკს.
ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას არ გულისხმობს. ის ასევე ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი პროცესი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ბავშვისთვის მიყენებული ემოციური ზიანი მაქსიმალურად შემცირდეს. სწორედ ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილებების აღსრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის წინასწარ მომზადებას, მის ასაკსა და ემოციურ მდგომარეობაზე მორგებულ კომუნიკაციას და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობას.
ამ კადრების ნახვის შემდეგ სრულიად ბუნებრივია კითხვა: ნამდვილად იყო თუ არა ეს პროცესი ორგანიზებული ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და საერთოდ, მსგავსი ქმედებების გამო, რატომ არავინ დასჯილა?
გაინტერესებთ, დღეს რა ხდება ამ ბავშვის ცხოვრებაში?
ის დედასთან არის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას ოთხჯერ შეუცვალეს სკოლა და უამრავჯერ საცხოვრებელი გარემო კიდევ უარესის თქმა შემიძლია და თავს ვიკავებ
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება და ნორმალურია..
ბავშვის საუკეთესო ინტერესი მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებით არ განისაზღვრება. ის მოიცავს სტაბილურ გარემოს, უსაფრთხოების განცდას, უწყვეტ განათლებას, ჩამოყალიბებული სოციალური კავშირების შენარჩუნებას და ემოციურ კეთილდღეობას.
როდესაც ბავშვს მოკლე პერიოდში რამდენჯერმე ეცვლება სკოლა და საცხოვრებელი ადგილი, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა, როგორ შეფასდა ამ ცვლილებების გავლენა მის განვითარებასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე? დღემდე არ აინტერესებს ეს სააგენტოს.
და ბოლოს… ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია :- ნამდვილად იყო თუ არა ყველა მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, თუ ეს პრინციპი მხოლოდ ფორმალურ მითითებად დარჩა
საქმე სასამართლოშია და წლებია საცხოვრებელ ადგილს ვდაობათ.. ამასობაში ის გაიზარდა..
მე რეალურად ვწუხვარ არამხოლოდ ამ ბავშვის, არამედ ყველა იმ ბავშვის გამო, ვისი საქმეც სააგენტოს ხელშია..
არასდროს ვითხოვ მაინცდამაინც ჩემი კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.. მე ყოველთვის ერთ რამეს ვითხოვ :- დაცული იყოს ის მინიმალური სტანდარტები, რომელთა გარეშეც ბავშვის საუკეთესო ინტერესის რეალური შეფასება და დაცვა შეუძლებელია.
თუ ვსაუბრობთ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, ეს პრინციპი არ შეიძლება მხოლოდ კანონში დაწერილ დეკლარაციად დარჩეს. ის უნდა აისახოს თითოეულ გადაწყვეტილებაში, თითოეულ მოქმედებასა და თითოეულ პროცედურაში.
რამოდენიმე წლის ვიდეოა, თუმცა ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს..
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტრო
შეფასებები თქვენთვის მომინდვია..
- წერს მარიამ საბიაშვილი
#ვიდეო https://www.facebook.com/share/v/1FhKhw23qK/
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12
2026-07-10
2026-07-10
2026-07-10
2026-07-09
2026-07-08
2026-07-05
2026-07-03