img1


ირაკლი კობახიძე: ქართველები განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭით არიან დაჯილდოებულები და სწორედ ეს ნიჭი გამოვლინდა ამ თაობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „შაბათის კურიერში“ ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთის შესახებ ისაუბრა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, დღესაც რომ სპორტულ ჟურნალისტიკაში იყოთ როგორი შინაარსის სტატიას დაწერდით? ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ პირველ რიგში ის ემოციები გაახსენდებოდა, რაც საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ საფეხბურთო წარმატებას უკავშირდება.

 

„განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭით არიან დაჯილდოებული ქართველები და სწორედ ეს ნიჭი გამოვლინდა ამ თაობაში, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება გვაჩუქა. თანდათანობით ვითარდება ჩვენი ნაკრები, მთავარია ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ, ბიჭები ყველაფერს დებენ გამარჯვებაში. მყარად ვამკვიდრებთ ადგილს ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის. 

 

ქრონოლოგიურად გამოვყოფდი პირველ რიგში გიორგი ჩაკვეტაძეს, პირველი წარმატება სწორედ მისმა გოლებმა მოგვიტანა, როდესაც ჯერ კიდევ D ლიგაში ვიყავით. მერე კი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ნაკრების წარმატებაში ბოლო წლებში, ბუნებრივია არის ხვიჩა კვარაცხელია. მთავარი ის არის, რომ ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გარდა, უკვე მთელი გუნდი ათამაშდა უმაღლეს დონეზე, რაც იმის დამსახურებაა, რომ გამარჯვების რწმენა გაჩნდა. დღეს კი ყველა ვხედავთ ამ განსაკუთრებულ ძალას ჩვენს ნაკრებში. მთავარია ამ მიმართულებით, განვითარების პროცესი სწორად გაგრძელდეს.

 

90-იანი წლები განსაკუთრებულად ემოციური იყო, ეს იყო ის წლები, როდესაც ფეხს იდგამდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ის თაობაც იყო გამორჩეული. დღეს ყველა მიმართულებით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე 90-იან წლებში. 

 

ყველას გვახსოვს პირველი თაობა და მაშინდელი გამორჩეული ტალანტები - გიორგი ქინქლაძე, რომელიც თავისი თამაშის სტილით იყო აბსოლუტურად გამორჩეული. არველაძეების თამაში ყველას გვახსოვს. ამ ბიჭებს განსაკუთრებული წვლილი აქვთ ფეხბურთის წარმატებაში და ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

 

არ მინდა პოლიტიკურ მიკერძოებაში ჩამეთვალოს, მაგრამ - კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც შემდეგ აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კახი კალაძე არის ადამიანი, რომელსაც 2 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი შედეგით, ჩვენზე დიდი ქვეყნებიც კი. რა თქმა უნდა, უამრავი ფეხბურთელია, რაც ძალიან თბილად გვახსენდება გულშემატკივრებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.