img1


სომხეთის საგარეო უწყება – მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები, სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას

„საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა,“ – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება.

 

ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნეს აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები. სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას. ასევე, შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური არხებით და საჯაროდ შესთავაზა აზერბაიჯანს, შეიქმნას შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი და ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას, რაც აზერბაიჯანმაც უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზებაც ძალაში რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რეგიონში ვითარების დაძაბვისკენ ნაბიჯებს დგამს.

 

დაძაბვისკენ გადადგმულ ნაბიჯებად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს სომხურ-ამერიკულ სამხედრო სწავლებებს, რომელიც ცოტა ხნის წინ სომხეთში ჩატარდა, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვასა და ევროკავშირის მხრიდან ერევნისთვის თავდაცვითი საჭიროებებისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფას.

 

„თუ ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არ შეწყდება, თავდაცვის მიზნით მივიღებთ საპასუხო ზომებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ყველა საშუალების გამოყენებით“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.