img1


ნენსი პელოსი: თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი ღია უნდა იყოს

კალიფორნიელ „დემოკრატებთან“ შეხვედრის დროს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი ღია უნდა იყოს, რათა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის ნომინაციის გადაბარება თავიდან აიცილონ, - ამის შესახებ „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც 40 კალიფორნიელი „დემოკრატი“ დაესწრო, 10 ივლისს, კაპიტოლიუმში შედგა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ისინი განიხილავდნენ, თუ რა უარყოფითი შედეგები ექნებოდა კამალა ჰარისის პირდაპირ ახალ კანდიდატად დასახელებას. გამოცემის წყაროების თქმით, პელოსი ხაზს უსვამდა, რომ ახალი კანდიდატის არაკონკურენტული პროცესით დანიშვნა ამომრჩევლებს დააფრთხობდა.

 

„დემოკრატებს“ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კანდიდატის ასარჩევად "ბლიც პრაიმერისის" ჩატარებას განიხილავენ. წყაროს თქმით, ეს აზრი ბარაკ ობამას გარემოცვასთან დაახლოებულმა პირებმა წამოაყენეს.