ქვეყანაში არსებობს ბიზნესი, რომელიც კანონის ფორმას იყენებს, არსით კი კანონს არღვევს.
სქემა ასეთია: ადამიანს ფული სჭირდება. ბანკი უარს ეუბნება. მევახშე ეთანხმება, ოღონდ სასესხო ხელშეკრულების ნაცვლად ნოტარიუსთან „ყიდვა-გამოსყიდვის“ ხელშეკრულებას აფორმებენ. ქაღალდზე სახლი უკვე გაყიდულია. სინამდვილეში ეს სესხია, ოღონდ ისეთი, რომლის პროცენტი თვეობით იზრდება და ერთი დაგვიანებული გადახდა საკმარისია, რომ ადამიანმა ყველაფერი დაკარგოს.
შემდეგ სახლიდან გამოსახლება. შემდეგ სირცხვილი, ვალი და სასოწარკვეთა. ზოგჯერ კი ის, რაც ვეღარ ბრუნდება.
ეს სქემა მარტო მევახშე ვერ ააწყობს. მას სჭირდება ნოტარიუსი, რომელიც „ყიდვა-გამოსყიდვის“ ხელშეკრულებას დაამოწმებს და არ იკითხავს, რატომ ყიდის ადამიანი სახლს საბაზრო ფასის ნახევრად და სჭირდება ადვოკატი, რომელიც სასამართლოში მერე „კანონიერ მესაკუთრედ“ წარადგენს მას, ვინც სინამდვილეში მევახშეა და გამოასახლებს დაზარალებულს.
ამიტომ ვითხოვთ:
მონიტორინგი ყველა „ყიდვა-გამოსყიდვის“ ხელშეკრულებაზე, რომლის მიღმაც ჩვეულებრივი სესხი დგას;
ნოტარიუსების შემოწმება, ვინც ასეთ გარიგებებს სისტემატურად ამოწმებს;
ადვოკატების პასუხისმგებლობა, ვინც ამ სქემებს სასამართლოში აფორმებს, სისტემატოურად, წილშია ამ უკანონო გარიგებებში, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად არის ამ უკანონობის ავტორი!
კერძო პირებს შორის იპოთეკური სესხის ინსტიტუტის ისეთი მოწესრიგება, რომ ადამიანს სესხის აღება შეეძლოს სახლის „გაყიდვის“ გარეშე.
სხვისი ქონების ხელში ჩაგდება კანონის შეფუთვით მაინც დანაშაულია.
და კიდევ ერთი რამ. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ასეთ სქემებში ადვოკატებისა და ნოტარიუსების მონაწილეობაზე ყვებიან, მათ შორის ადვოკატის, რომელიც თავად პროფესიის მმართველ ორგანოებში იჯდა და ზის. თითოეულ ისტორიას დოკუმენტებით ვამოწმებთ. ის, რაც დადასტურდება, სახელებით გამოქვეყნდება.
თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ასეთ სქემაში მოხვდა, მოგვწერეთ. კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-11-02
2026-11-01
2026-11-01
2026-11-01
2026-11-01
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30