ღია წერილი
ადრესატები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს გენერალური პროკურატურა
თემა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფინანსების განკარგვა, თბილისი, კოსტავას ქ. №80/2 („სააკაძე თაუერი“)
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგმართავთ საჯაროდ, რადგან საქმე ასობით ოჯახის ფულს და უსაფრთხოებას ეხება.
კოსტავას 80/2-ის მოსახლეიბა გვატყობინებენ შემდეგს:
• ამხანაგობის თავმჯდომარეა ადვოკატი ქეთევან უტიაშვილი;
• კორპუსში ყოველთვიურად დაახლოებით 18 000 ლარი გროვდება;
• თანხების განკარგვაზე წვდომა მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს;
• მოსახლეობა ხარჯების ანგარიშს ვერ ხედავს;
• თავმჯდომარის გადარჩევის მცდელობა უშედეგოა;
• წვიმის დროს სარდაფში წყალი ჩადის, ლიფტები კი ითიშება.
ამ ინფორმაციის სისწორეს ჩვენ არ ვამტკიცებთ. ამიტომ ვსვამთ კითხვებს, რომლებზეც პასუხი მხოლოდ შემოწმებით შეიძლება მიიღოს.
სამართლებრივი ჩარჩო
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი ამბობს:
• ამხანაგობის საქმიანობას თავმჯდომარე უძღვება (მუხლი 26);
• მიმდინარე წლის ხარჯებს ის კრების თანხმობით განსაზღვრავს (მუხლი 26.7.დ);
• ამხანაგობის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ამხანაგობის საქმიანობის, საერთო ქონების მდგომარეობისა და გაწეული ხარჯების შესახებ (მუხლი 20.ე);
• კრების ოქმებს ყველა მესაკუთრე ეცნობა (მუხლი 28.7).
მესაკუთრეთა შენატანები თავმჯდომარეს მინდობილი ფულია და მხოლოდ საერთო ქონების მოვლას უნდა მოხმარდეს. აქედან ორი საკითხი ჩნდება:
• სისხლისსამართლებრივი (პროკურატურის მიმართ): თუ თანხა სხვა მიზნით ან კრების თანხმობის გარეშე იხარჯება, ხომ არ არის ეს მინდობილი ქონების მითვისება ან გაფლანგვა (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 182)?
• საფინანსო-საგადასახადო (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ): როგორ მოძრაობს ფული, იხარჯება თუ არა ნაღდად და დეკლარირებულია თუ არა საერთო ქონების გაქირავებიდან (სახურავი, რეკლამა, ავტოსადგომი) მიღებული შემოსავალი?
კითხვები, რომლებზეც პასუხს ვითხოვთ:
1. რამდენი თანხა შევიდა ამხანაგობის ანგარიშზე და სალაროში ბოლო წლებში და სად დაიხარჯა?
2. ყველა თანხა ბანკის ანგარიშზე გადის თუ ნაწილი ნაღდად გროვდება? ვინ აღრიცხავს ნაღდ ფულს?
3. არსებობს თუ არა საერთო კრების გადაწყვეტილება ხარჯების გეგმაზე, როგორც კანონი მოითხოვს?
4. ვის უხდის ამხანაგობა ფულს: მომსახურე კომპანიებს, ხელოსნებს, თავად თავმჯდომარეს? ხომ არ არის ამ კომპანიებს შორის თავმჯდომარესთან დაკავშირებული პირები?
5. თუ ფული ყოველთვე გროვდება, რატომ ჩადის სარდაფში წყალი და რატომ ითიშება ლიფტები? ვინ ამოწმებს ლიფტების ტექნიკურ უსაფრთხოებას?
6. იღებს თუ არა ამხანაგობა შემოსავალს საერთო ქონების გაქირავებიდან და არის თუ არა ეს შემოსავალი დეკლარირებული?
7. რატომ ვერ იღებენ მოსახლეები ინფორმაციას, რომელზეც კანონით აქვთ უფლება?
ვითხოვთ:
• შესწავლილ იქნას ამხანაგობის საბანკო ამონაწერები, სალაროს დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კრების ოქმები;
• თითოეულმა უწყებამ საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაფასოს;
• გენერალურმა პროკურატურამ განსაზღვროს საგამოძიებო ქვემდებარეობა და, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს გამოძიება.
ქალბატონ ქეთევან უტიაშვილს პასუხის უფლება აქვს. მის პოზიციას სრულად გამოვაქვეყნებთ. ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს.
მოსახლეობას ვთხოვთ: შენატანების ქვითრები, ოქმები, ფოტოები და ვიდეოები გამოგვიგზავნონ.
ჟურნალისტი/ ირაკლი ჯანყარაშვილი:
2026-10-11
2026-10-09
2026-10-08
2026-10-07
2026-10-05
2026-10-02
2026-09-30
2026-09-27
2026-09-26
2026-09-26