img1


მოგმართავთ საჯაროდ, რადგან საქმე ასობით ოჯახის ფულს ეხება და იმ ადამიანს, რომელიც პროფესიით კანონის დამცველია

ღია წერილი

 

ადრესატები:

საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

 

თემა: მოსახლეობისგან თანხების შეგროვება ქ. თბილისში, კოსტავას ქ. №80/2-ში („სააკაძე თაუერი“), კანონიერი საფუძვლის გარეშე

 

ქალბატონებო და ბატონებო,

 

მოგმართავთ საჯაროდ, რადგან საქმე ასობით ოჯახის ფულს ეხება და იმ ადამიანს, რომელიც პროფესიით კანონის დამცველია.

 

I. ფაქტები

 

 1. კოსტავას ქ. №80/2-ში მდებარე კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

 2. კორპუსში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა რეგისტრირებული არ არის.

 3. თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით არ აურჩევიათ: საერთო კრება არ ჩატარებულა და ოქმი არ არსებობს. ადვოკატმა ქეთევან უტიაშვილმა თავი თავმჯდომარედ თავად გამოაცხადა.

 4. ამ „უფლებამოსილების“ საფუძველზე ის მოსახლეობისგან ყოველთვიურად აგროვებს თანხებს, დაახლოებით 18 000 ლარს.

 5. თანხებს მხოლოდ ის აკონტროლებს. ხარჯების ანგარიში მოსახლეობას არასოდეს წარედგინა.

 6. მისი ძმა, რომელსაც კორპუსში ბინა აქვს, შენატანს არ იხდის.

 7. ამავე დროს, მოსახლეების თქმით, წვიმისას სარდაფში წყალი ჩადის, ლიფტები კი ითიშება.

 

II. სამართლებრივი ჩარჩო

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:

 

 • ამხანაგობის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება, წევრთა ორი მესამედის ხმით (მუხლი 26.3);

 • თავმჯდომარე მიმდინარე წლის ხარჯებს კრების თანხმობით განსაზღვრავს (მუხლი 26.7.დ);

 • ამხანაგობის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ამხანაგობის საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ (მუხლი 20.ე);

 • კრების გადაწყვეტილებები ოქმით ფორმდება და მას ყველა მესაკუთრე ეცნობა (მუხლი 28.7).

 

როცა თავმჯდომარე არ არის არჩეული, ხოლო კრება და ოქმი არ არსებობს, თანხებს მოსახლეობისგან აგროვებს პირი, რომელსაც ამის კანონიერი უფლებამოსილება არ გააჩნია.

 

III. რას უნდა მიექცეს ყურადღება

 

ჩვენი აზრით, აღწერილი ქმედება საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას შემდეგი კუთხით:

 

 • თაღლითობა (სსკ მუხლი 180): თუ თანხები შეგროვდა იმ უფლებამოსილებაზე მითითებით, რომელიც პირს არ გააჩნია, და მიისაკუთრა;

 • მინდობილი ქონების მითვისება ან გაფლანგვა (სსკ მუხლი 182): თუ მოსახლეობის მიერ კორპუსის მოვლისთვის გადაცემული თანხები სხვა მიზნით დაიხარჯა;

 • თვითნებობა (სსკ მუხლი 360): თავმჯდომარის ფუნქციების თვითნებური განხორციელება, თუ მნიშვნელოვანი ზიანი დადგა;

 • საგადასახადო დარღვევა: თუ შეგროვებული შემოსავალი არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი.

 

IV. კითხვები, რომლებზეც პასუხს ვითხოვთ

 

 1. რის საფუძველზე აგროვებს ქეთევან უტიაშვილი მოსახლეობისგან თანხებს?

 2. რომელ ანგარიშზე შედის ეს თანხები, და ვის სახელზეა ეს ანგარიში? ნაწილი ნაღდად ხომ არ გროვდება?

 3. რამდენი თანხა შეგროვდა მთელი პერიოდის განმავლობაში, და სად დაიხარჯა?

 4. არის თუ არა ეს შემოსავალი დეკლარირებული და დაბეგრილი?

 5. ვის უხდის თანხებს: მომსახურე კომპანიებს, ხელოსნებს, თავად საკუთარ თავს? ხომ არ არიან მათ შორის მასთან დაკავშირებული პირები?

 6. რატომ არის მისი ძმა გათავისუფლებული შენატანისგან, და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

 

V. მოთხოვნა

 

გთხოვთ:

 

 • შეისწავლოთ თანხების შეგროვებისა და ხარჯვის მთელი ჯაჭვი: საბანკო ამონაწერები, ნაღდი ფულის აღრიცხვა, ხელშეკრულებები მომსახურე კომპანიებთან;

 • თითოეულმა უწყებამ შეაფასოს საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: სისხლისსამართლებრივი (პროკურატურა) და საფინანსო-საგადასახადო (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური);

 • გენერალურმა პროკურატურამ განსაზღვროს საგამოძიებო ქვემდებარეობა და, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს გამოძიება.

 

ადვოკატმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და ეთიკის კომისიის ყოფილმა წევრმა კანონი სხვებზე უკეთ უნდა იცოდეს. მით უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როცა მის საფუძველზე სხვისი ფულის შეგროვებას იწყებს.

 

ქალბატონ ქეთევან უტიაშვილს პასუხის უფლება აქვს და მის პოზიციას სრულად გამოვაქვეყნებთ. ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს.

 

კოსტავას 80/2-ის მოსახლეებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ შენატანების ქვითრები, მიმოწერა და ფოტოები.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი