img1


„მაკრონისთვის თითქმის ყველაფერი დასრულებულია“ − ლე პენი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის (RN) საპარლამენტო ლიდერმა მარინ ლე პენმა სამშაბათს განაცხადა, რომ „ემზადება“ შესაძლო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გადადგება საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.

 

ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას ლე პენმა ხაზგასმით აღნიშნა მაკრონის „სისუსტე“ და შეზღუდული ინსტიტუციური ძალაუფლება, რომელსაც ის ამჟამად ფლობს. „პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან მყიფეა. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას მისი საკუთარი ბლოკიდანვე, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მაკრონის პრემიერმინისტრს. ზემოქმედება შეიძლება ასევე წამოვიდეს ფინანსური ბაზრებიდან“, − განაცხადა მარინ ლე პენმა.

 

მაკრონის საპრეზიდენტო მმართველობის ვადა ოფიციალურად 2027 წლამდეა, მაგრამ ლე პენი ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო გამოწვევებმა და შიდა უთანხმოებამ შესაძლოა აიძულოს პრეზიდენტი ნაადრევად დაასრულოს მანდატი.

Le Parisien-თან ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს საღამოს გამოქვეყნდა, ლე პენმა ხაზი გაუსვა მაკრონის საშინაო და საერთაშორისო გავლენის შემცირებას და განაცხადა, რომ ის იზოლირებულია როგორც საფრანგეთში, ასევე გლობალურ სცენაზე.

„ემანუელ მაკრონი − მისი დრო დასრულდა ან თითქმის დასრულდა. ჩემი შენიშვნები არ არის ბოროტულად გამიზნული, ეს არის ინსტიტუციური რეალობა. მან პრემიერმინისტრის დანიშვნის უფლებაც კი დაკარგა“, − აღნიშნა ლე პენმა მაკრონის ცენტრალურ ბლოკში პოლიტიკურ დაძაბულობაზე მითითებით.

 

მან ასევე შეუტია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მას მაკრონის მიერ შექმნილი „არსება“ და უწოდა.

თუმცა, ლე პენის ამბიციები მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება. მას ბრალი ედება ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში, რის შედეგადაც პარიზის პროკურატურა ხუთწლიან პატიმრობასა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მისი უფლება, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა საფრთხე წინაშე დადგეს.

მიუხედავად ამ სამართლებრივი გამოწვევებისა, ლე პენს მტკიცედ სჯერა, რომ მაკრონის პრეზიდენტობის მთავარი კონკურენტია. „მე ვემზადები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ემანუელ მაკრონის სისუსტის და ინსტიტუციური არასტაბილურობის ფონზე“, − განუცხადა მან პარიზულ გაზეთს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ თანამდებობაზე ვადის ბოლომდე დარჩება, მაგრამ ამ წლის დასაწყისში ვადამდელი არჩევნების შედეგად რთული საპარლამენტო სიტუაციის გამო კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება გადაულახავი აღმოჩნდეს.

 

თუ ლე პენი კვლავ ნაციონალისტ კანდიდატად დადგება, ეს მისი მეოთხე მცდელობა იქნება ელისეს სასახლეში მოხვდეს. 2012 წელს იგი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ემანუელ მაკრონთან 2017 და 2022 წლებში მეორე ტურში დამარცხდა.