img1


ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი

მედიის ინფორმაციით, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობის „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ. 

„როიტერი“ წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ, დაახლოებით იმავე პერიოდში შეიძინა, როდესაც პეიჯერები იყიდა. ინფორმაციისთვის, ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაშავდა.

 

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დღეს სიტყვით გამოვა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში ევროპელ კოლეგებს ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კრიზისის შესახებ სასაუბროდ შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.