img1


Politico: ზელენსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ცუდია უკრაინისთვის

დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან ის აღიზიანებდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, რომელსაც სურდა სამინისტროზე მეტი კონტროლის დამყარება, - წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.

 

„კულებას წასვლა არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აძევებს ზელენსკის გარემოცვა გარე პირებს, რომლებიც მზად არიან, დასვან შეკითხვები და შეეწინააღმდეგონ. ეს შეესაბამება მანამდე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდა ზელენსკის ომის სტრატეგიის და საბრძოლველად მეტი ადამიანის მობილიზების საჭიროების გამო.

 

ზალუჟნისადმი კეთილგანწყობის მაღალმა რეიტინგებმა არ განაწყო დადებითად მისადმი პრეზიდენტის ფხიზელი და ეჭვიანი ადმინისტრაცია. კულებაც და ზალუჟნიც დასავლელი მაღალჩინოსნების აღტაცებასაც იწვევდნენ და მათმა წასვლამ, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან ერთად, გასულ წელს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია“, - წერს გამოცემა.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ზელენსკის ოფისს ჭარბი გავლენა აქვს სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციულ ორგანოებზე, ასევე ქვეყნის პარლამენტზე.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ზელენსკის პოპულარობა სულ უფრო მცირდება. თუმცა, მოსახლეობა აქებს იმას, რომ ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, როდესაც რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებოდნენ და უკრაინელები მისი მადლობლები დარჩებიან საომარ პერიოდში მისი პირველი ყოველდღიური მიმართვებისთვის, რომლებმაც ერი გააერთიანა.