img1


ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. 

 

ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს. 

 

„მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზეხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, მნიშვნელობას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. 

 

ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველოს - ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა.