img1


აშშ ცდილობს შეთანხმებას გაბონთან, აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიორზე ჩინეთის სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმის ჩაშლის მიზნით

კერძოდ, აშშ ამზადებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარების პაკეტს გაბონისთვის, რათა ხელი შეუშალოს ჩინეთს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას სტრატეგიულად განლაგებულ ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში.

 

აშშ-გაბონის პოტენციური შეთანხმება მოიცავს გაბონის სპეცრაზმის მომზადებას და 5 მილიონი დოლარის დაფინანსებას ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის. 

 

აშშ-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ჩინეთი შეეცადა გაბონში დაეარსებინა სამხედრო სასწავლო ობიექტი, რომელიც აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, შეიძლება გახდეს მუდმივი ბაზის წინამორბედი. აშშ ინარჩუნებს სამხედრო ობიექტების გაფართოებულ ქსელს მთელს მსოფლიოში - მათ შორის ჩინეთის შემოგარენში, თუმცა ნებისმიერ ჩინურ ბაზას ატლანტის ოკეანეში განიხილავს, როგორც წითელ ხაზს თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

 

გაბონისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების პაკეტი, რომლის მზადება ჯერჯერობით არ არის დასრულებული, გამოქვეყნდება აშშ-ში გაბონის დროებითი პრეზიდენტის ბრის კლოტერ ოლიგუი ნგემას ვიზიტის დროს, რომელიც სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.

 

აშშ-ს დახმარება გაბონისთვის, ასევე მოიცავს რადარს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალოვან უწყებებს განახორციელოს უკანონო თევზჭერის მონიტორინგი, ასევე პარტნიორობის გაფართოება დასავლეთ ვირჯინიის ეროვნულ გვარდიასთან და დახმარებას გაბონის ეროვნულ პარკების კონსერვაციაში. 

 

აშშ-ში იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში დახმარებები, გაბონისთვის იქნება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ამავდროულად, ხელს შეუწყობს ჩინეთის გავლენების და ამბიციების შეკავებას ატლანტის ოკეანეში.