აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატებს, რომლებმაც ორგანიზაციაში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა, პირები, რომლებმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, „არასასურველ პირთა“ სიაში შეიყვანეს.
ჰაჯიზადეს განცხადება იყო პასუხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ფრანკ შვაბეს კრიტიკაზე, რომელმაც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოთქვა. შვაბემ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ევროპის საბჭოს წევრობით და დაადანაშაულა ქვეყანა, რომ იგი არ იცავს ფასეულობებს, რომლებსაც ევროპის საბჭო ემსახურება. ასევე, შვაბემ ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა არ მიიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების შესახებ შეშფოთების გამოხატვისას შვაბესთვის უფრო მართებული იქნებოდა, ესაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც გერმანიასა და PACE-ში თანამშრომლობენ რუსეთთან და დღესაც კი მჭიდროდ თანამშრომლობა აქვთ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაამტკიცოს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება. თუმცა ბაქოში არ დაელოდნენ ამ გადაწყვეტილებას და განაცხადეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებენ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22