img1


ალექსანდრე ლუკაშენკო – უკრაინელების აგრესიული პოლიტიკის შემხედვარე, ჩვენ საზღვართან გადავიყვანეთ ჩვენი სამხედროები და მთელი საზღვრის გასწვრივ გარკვეულ წერტილებში განვათავსეთ

ბელორუსი იძულებული იყო, უკრაინასთან საზღვარზე თავისი არმიის თითქმის მესამედი გადაეყვანა, – ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია „რასიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინას ბელორუსის საზღვართან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.

 

„მათი აგრესიული პოლიტიკის შემხედვარე, ჩვენ იქ გადავიყვანეთ ჩვენი სამხედროები და მთელი საზღვრის გასწვრივ გარკვეულ წერტილებში განვათავსეთ, როგორც ეს იქნებოდა ომის, თავდაცვის შემთხვევაში. მეტიც, იქ მუშაობენ სპეცმსახურები, სპეცდანაყოფები – „ალფა“, „ალმაზი“ და სხვები – ყველაზე მომზადებულები, ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ“, – თქვა ლუკაშენკომ.

 

ლუკაშენკომ გაიხსენა მინსკში ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მზადება, როდესაც, მისი თქმით, ბელორუსში რუსეთიდან გადაიყვანეს სახმელეთო ძალებისა და საჰაერო ტექნიკის ნაწილი, რომლებიც აღლუმში მონაწილეობდნენ.

 

„ცხადია, რომ მათ (უკრაინელებმა) დაინახეს ჩვენთან გადაადგილება, მათ ხომ ამერიკელები მთელ ინფორმაციას აწვდიან და იფიქრეს, როგორც თქვეს, რომ „პუტინი ისევ დაიწყებს შეტევას ბელორუსის ტერიტორიიდან“, გომელიდან, როგორც ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში იყო. და მათ ჩვენკენ დაიწყეს სამხედრო მოსამსახურეების გადმოსროლა, იმ 120 ათასის დამატებით. საპასუხოდ, იძულებული ვიყავი, დამატებით არმიის თითქმის მესამედი გადმომეყვანა იმის გასაძლიერებლად, რაც იყო“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

ლუკაშენკოს განმარტებით, კომუნიკაციის არხებით უკრაინულ სპეცმსახურებთნ მოხდა სიტუაციის განხილვა, რის შემდეგაც უკრაინელებმა, 120 ათასი სამხედროს გარდა, დამატებითი ძალები უკან გაიყვანეს. პასუხად, ბელორუსმაც გაიყვანა დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრიდან.

 

„ის დანაყოფები, რომლებიც 2,5 წლის წინ იქ შევიყვანეთ, იქ ახლაც არიან. ისინი იქ არიან ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. უკრაინასთან საზღვრიდან ჩვენი ჯარების გაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება. ომი მიდის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინსკი იძულებული იყო, მკაცრი რეაგირება მოეხდინა აგვისტოში უკრაინული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, მათ შორის დამატებითი შეიარაღებული ძალების განთავსებით.

 

„რატომ გვქონდა ამაზე მკაცრი რეაგირება? იმიტომ, რომ ეს უკვე მოგვბეზრდა. ისინი მუდმივად არღვევენ ჩვენი საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილს, თუ პიტერში ან უფრო შორს მიფრინავენ. ზოგიერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი 3-5 ათას კილომეტრს დაფრინავს და თათრეთამდეც კი მიუღწევია. ისინი ჩვენს საზღვარს კვეთენ. ჩვენ გავაფრთხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამას ხედავს და მაშინვე გადასცემს ინფორმაციას რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.