img1


რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაწყებული ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს უახლოვდება

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაწყებული ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს უახლოვდება, ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. 

 

როგორც სააგენტო წერს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბაზრის მონაწილეები ყურადღებით აკვირდებიან უკრაინის გავლით რუსული საწვავის ტრანზიტს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას ტერიტორიაზე არსებულ გაზის გამანაწილებელ სადგურ „სუჯას“ აკონტროლებენ, რომელიც ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო სადგურია და სწორედ მასზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, საიდანაც რუსეთიდან ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება.

 

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საბაზისო ფიუჩერსი (საქონლის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება) 2.6%-ით გაიზარდა და თითქმის 39 ევროს მიაღწია მეგავატ-საათში.

 

„ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დეკემბრის შემდეგ“, - წერს სააგენტო.