img1


ეს მესიჯები უნდა წაიკითხოთ. ძნელია, მაგრამ უნდა წაიკითხოთ, რადგან სწორედ ესაა ის, რასაც ტელევიზიები „ბიზნესმენებად“ და „დევნილებად“ გვისაღებენ

დედას შვილი მეორედ მოუკლეს

 

ეს მესიჯები უნდა წაიკითხოთ. ძნელია, მაგრამ უნდა წაიკითხოთ, რადგან სწორედ ესაა ის, რასაც ტელევიზიები „ბიზნესმენებად“ და „დევნილებად“ გვისაღებენ.

 

ადრესატი ქალია, რომელმაც 27 წლის ვაჟი დაკარგა. ერთი წლის წინ. ქალი, რომელიც ყოველ გამთენიისას საფლავთან იჯდა და იქიდან ვერ დგებოდა. ქალი, რომელსაც ანა ქაჯაიას ბიზნესთან, კომპანიასთან, წილებთან და ქონებასთან არანაირი საქმიანი შეხება არასოდეს ჰქონია.

 

და სწორედ ამ ქალს, სწორედ გამთენიისას, როცა დედის ტკივილი ყველაზე ძლიერია, ღამის ორ-სამ საათზე მესიჯები მოსდიოდა. ასობით. ნომრიდან, რომელიც, სამართალდამცავ ორგანოებში შეტანილი საჩივრის მიხედვით, ანა ქაჯაიას ეკუთვნის.

 

აი რამდენიმე. ყველაზე უწყინარი:

 

„ორივე შვილის უბედურება გენახოთ“

„შენ ხო ქალი არ ყოფილხარ, ერთი შვილით გამწარება ცოტაა შენთვის!!!“

„ხომ ჩაგიძაღლდა პირველი შვილი, მიჰყვება ის ორიც“

„ციხეში დავასრულებინებ სიცოცხლეს“

„ქვეყანას ავაყირავებ“

 

დანარჩენს ვერ დავწერ. ის, რაც გარდაცვლილ ბიჭზე, მის სხეულზე და მის საფლავზე წერია, ადამიანური ენით არ გადმოიცემა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამას გაუძლებს.

 

ეს არ იყო მუქარა. ეს იყო მკვლელობა მეორედ.

 

დედამ შვილი ერთხელ დაკარგა: იმ დღეს, როცა ის წავიდა. მეორედ ის მას ამ მესიჯებით მოუკლეს. ყოველ ღამით, ყოველ მესიჯში, ყოველ სიტყვაში, რომელიც მის საფლავს ეხებოდა. ეს ქალი დღემდე ტრავმაშია. დღემდე ეშინია ტელეფონის, რომელიც ღამით რეკავს. დღემდე, საფლავთან მისვლისას, ამ სიტყვებს ისმენს.

 

რატომ? რა დააშავა მან? მხოლოდ ის, რომ ცოლია იმ ადამიანისა, რომელიც ქაჯაიების გზაზე აღმოჩნდა. მისი გლოვა ქმარზე ზეწოლის იარაღად აქციეს. დედის ცრემლი ბერკეტად გამოიყენეს. გარდაცვლილი შვილი კი მუქარის ინსტრუმენტად.

 

და ახლა შეხედეთ, ვინ არის ეს ადამიანი ეკრანზე:

ტელევიზიისთვის „ბიზნესმენი“;

ლაივში „ოთხი დიპლომით“ „ღრმად განათლებული“;

პროკურატურის კართან „მშიერი“;

სამშენებლო ჟგუტით „დაბორკილი“;

ყოველ ლაივში „დევნილი“ და „დაჩაგრული“.

 

ეკრანის მიღმა კი, გამთენიისას, ის შვილმკვდარ დედას სწერს, რომ დარჩენილი ორი შვილიც დაკარგოს.

 

ზაზა ხატიაშვილი, ირაკლი ტორუა, „ტვ პირველი“, ყველა, ვინც ამ ადამიანს მიკროფონს უწვდის და „დევნილის“ სტატუსს აძლევს: წაიკითხეთ ეს მესიჯები. და მერე მიიღეთ ისევ ის ადამიანი თქვენს სტუდიაში.

 

ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ყველა მესიჯი შენახულია. ნომერი დაფიქსირებულია.

 

ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს. მაგრამ არსებობს რაღაც, რისთვისაც სასამართლო არ გვჭირდება: გლოვაში მყოფ დედას ასეთი სიტყვები არ ეწერება. არასოდეს. არავისგან. არანაირი „ბიზნესის“ სახელით.

 

გამოძიება გრძელდება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი