გული ტკივილით მეკუმშება, როცა ყოველ ჯერზე კალენდარი ამ თარიღს მაჩვენებს. 2008 წლის აგვისტოს იმ საზარელმა დღეებმა ჩვენს ქვეყანას სრული პოლიტიკური ფიასკო მოუტანა, ჩვენი ხალხების საუკეთესო ვაჟკაცები შეიწირა და წინაპრების სისხლით ისედაც გაჟღენთილი ქართული მიწა ახალი ფაქტობრივი საზღვრებით დახაზა.
დიახ, როდესაც დაღუპულებზე ვსაუბრობ, დანაკარგს არ ვყოფ „სხვისად“ და „ჩემად,“ რადგან გარედან თავსმოხვეულ ამ ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელ ომში მონაწილე ორივე მხრიდან ოდესღაც ერთიანი საქართველოს მოქალაქეები, კავკასიური სამყაროს ნარჩევი ვაჟკაცები დაეცნენ. დიახ, მავანის ახირებული ავანტიურის შედეგად, საბედისწეროდ დასრულდა არა მხოლოდ ძალ-ღონით სავსე ქართველი ბიჭების სიცოცხლე, რომლებსაც შვილები უნდა აღეზარდათ და სამშობლო ეშენებინათ,
არამედ ამ ტრაგედიამ შეიწირა ოსი, აფხაზი და რუსი ახალგაზრდების სიცოცხლეც. ეს იყო საერთო, გაუყოფელი ტრაგედია, სადაც სიკვდილი თავის მსხვერპლს არ განარჩევდა ეროვნების მიხედვით. ეროვნება არ აურჩევია. მათი ცოდვა სამუდამოდ დარჩება იმ პოლიტიკოსების კისრად, რომლებმაც მშობლიურზე და სამშობლოზე წინ უცხოური ინსტრუქციები დააყენეს.
მოდით, გულახდილად ვთქვათ ის, რის თქმასაც ისინი მუდამ გაურბიან: ეს ომი არც თბილისს სჭირდებოდა, არც ცხინვალს და არც მოსკოვს!
ეს ომი სჭირდებოდა კოლექტიურ ფაშისტურ დასავლეთს, რომელმაც მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ჩვენ ყველა - ერთმანეთს დაგვაპირისპირა. ჩვენ ცინიკურად გამოგვიყენეს როგორც სახარჯე მასალა და საზარბაზნე ხორცი სხვის თამაშში — ოკეანის გაღმიდან ჯერ წაგვაქეზეს, დაგვპირდნენ მხარდაჭერას, შემდეგ კი უნამუსოდ მიგვატოვეს და ჩვენი შვილების სიცოცხლით გადაგვახდევინეს გაბითურების შედეგი და საფასური. 2008 წლის ომი — ეს არის სააკაშვილის მაშინდელი რეჟიმის უპატიებელი დანაშაული საკუთარი ხალხისა და ჩვენი მეზობლების წინაშე, რომელიც ამ რეჟიმმა დასავლელი კურატორების საამებლად ჩაიდინა.
მაგრამ ეს არ არის ყველაზე უარესი იმ შედეგებიდან, რაც ამ ომმა მოიტანა. ყველაზე საზარელი ის არის, რომ ამ ადამიანებმა არაფერი ისწავლეს, რომ არ აღიარებენ, რაც სინამდვილეში მოხდა.
ამასობაში იგივე „თოჯინების თეატრის“ რეჟისორები, რომლებმაც 2008 წელს საქართველო კატასტროფისკენ უბიძგეს, დღეს უკვე უკრაინას იყენებენ და თავიანთი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. პირსისხლიანმა ქურუმებმა ამჯერად უკრაინა აქციეს ნანგრევებად, ხოლო ამ ქვეყნის გენოფონდი ურცხვად შეიწირეს, თავიანთი ბინძური მიზნების საკურთხეველზე.
მაგრამ, ამასობაში არც საქართველოზე აუღიათ ხელი. გადაბირებულ, მონა-მორჩილ ადეპტებზე დაყრდნობით, რომლებსაც უხვად აფინანსებენ საეჭვო რეპუტაციის ფონდები იატაკქვეშა, დანაშაულებრივი მეთოდებით მოპოვებული „შავი ფულით,“
დღემდე პერმანენტულად ცდილობენ, კიევის მაიდნის მსგავსად შეირაღებული გადატრიალების საქართველოში მოწყობას. ესწრაფვიან, საქართველოში ომის ხანძარი ხელახლა გააჩაღონ.
ამ ავანტიურას „ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის“ საბურველით ფუთავენ, თუმცა ჩვენი ხალხის მიმართ არანაირი კეთილშობილური განზრახვა მათ არ გააჩნიათ!
მათი მთავარი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა, უკრაინის მსგავსად ქართული ქალაქების და დასახლებული პუნქტების ნანგრევებად ქცევა, ქართველი საჯიშე ბიჭების კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად შეუდარებლად მასშტაბური მსხვერპლად შეწირვის ცერემონიალის განხორციელება, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტოში მოახერხეს.
დიახ, მათ არ სჭირდებათ აყვავებული საქართველო, არამედ კიდევ ერთი საომარი პოლიგონი სჭირდებათ.
საბედნიეროდ, ქართველი საზოგადოება თანდათან გონს მოდის. ქვეყნის ხელისუფლებაც უკვე ღიად არქმევს მოვლენებს თავის სახელს, აღიარებს ამ „გლობალური ომის პარტიის“ დესტრუქციულ როლს და ნაწილობრივ, უზარმაზარ ზეწოლასაც უძლებს.
მაგრამ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობაზე ოდენ საუბარი არ კმარა — საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად მტკიცე პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უცხოურ გრანტებზე გაყიდული რადიკალების ამბიციების გამო დარტყმის ქვეშ დავაყენოთ ეკონომიკა, ჩვენი შვილების მომავალი და საზღვრების უსაფრთხოება, რომელიც ახალი ავანტიურის შედეგად მომავალში შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებით შეიცვალოს, ვიდრე ეს 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მოხდა.
ჩვენი ერთადერთი გზა არის პირდაპირი, ბრძნული და პატიოსანი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე, იმ ყალბი დასავლელი მრჩევლების გარეშე, რომლებსაც ოცდაათი წლის განმავლობაში კავკასიაში განხეთქილებისა და სისხლის გარდა არაფერი მოუტანიათ. ჩვენ — ქართველებმაც, ოსებმაც, აფხაზებმაც და რუსებმაც — უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში გამბედაობა, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვაღიაროთ: ჩვენი მომავალი დაკავშირებულია არა ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან, არამედ საერთო სახლთან, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთად გვიცხოვრია.
2008 წლის აგვისტოში დაღუპული ჩვენი საუკეთესო შვილების ხსოვნა ჩვენგან მოითხოვს არა ლოზუნგებს, არამედ რეალურ ნაბიჯებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაბრუნოთ ნდობა და ჩვენი მშვიდობა ახალი პროვოკაციებისგან დავიცვათ არა იარაღით, არამედ სულის სიმტკიცითა და პრაგმატული გონებით.
ღვთის სასუფეველი და სამუდამო ხსოვნა - შეწირულებს! მათი ხსოვნა გვავალდებულებს, თავიდან ავირიდოთ ახალი ტრაგედია, რისკენაც იგივე ძალები გვიბიძგებენ, ვინც 2008 წლის ტრაგედია განახორციელა.
დაღუპულებს ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ მჯერა, ამგვარი მიდგომით იმის გამოსწორებას და აღდგენას ნამდვილად შევძლებთ, რაც აქამდე არასწორი მიდგომის შედეგად დაგვენგრა და მოგვეშალა.
პატივისცემით , მამუკა ფიფია
2026-07-21
2026-07-20
2026-07-18
2026-07-17
2026-07-16
2026-07-16
2026-07-15
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12