img1


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებს გავეცანით |ზურაბ პატარაძე

სიმბოლურია, რომ მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში განახლებული მატარებლით ჩამოვიდნენ. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო ოთხ საათამდე შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის პიკურ პერიოდში გაზრდის ჩვენი რეგიონის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს მოქალაქეების კომფორტულ, სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას.

 

დღესვე ბათუმის საზღვაო ნავსადგურიც დავათვალიერეთ, სადაც ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბათუმის, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბის, სტრატეგიულ როლს.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასაც. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული თანამედროვე სიმულატორები და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

 

ბათუმი ისტორიულად საზღვაო ქალაქია და სწორედ ასეთი თანმიმდევრული პროექტებით კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ, ტურისტულ და ლოგისტიკურ პოტენციალს.