img1


აიათოლა ალირეზა არაფის მილოცვის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევასთან დაკავშირებით

აიათოლა ალირეზა არაფი გახლავთ ირანის ისლამური სემინარიების ხელმძღვანელი, კონსტიტუციის სამეურვეო საბჭოს ღვთისმეტყველი წევრი, უზენაესი ლიდერის ექსპერტთა ასამბლეის წევრი და ყუმის სემინარიის მასწავლებელთა საზოგადოების წევრი

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

მის უწმინდესობა შიო III-ს

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

მოგესალმებით დიდი პატივისცემით და გულწრფელად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საქართველოში სულიერი წინამძღოლობას. ეჭვგარეშეა, ეს მაღალი პასუხისმგებლობა ღვთისგან ბოძებული მისიაა, რათა ღირსეულად გაგრძელდეს წინამორბედთა, განსაკუთრებით კი განსვენებული პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დიდებული გზა, გზა იმ სულიერი ლიდერისა, რომელმაც თავისი ცხოვრება მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და რელიგიათაშორისი თანაცხოვრების განმტკიცებას მიუძღვნა და რომლის სულიერი მემკვიდრეობაც მარადიულად დარჩება ქართველი ერისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ისტორიაში.

დღევანდელ სამყაროში რელიგიურ საზოგადოებებს ყველა დროზე მეტად სჭირდებათ ერთიანობა. ჩვენი საერთო ღირებულებები - ერთი ღმერთის რწმენა, იესო ქრისტეს პატივისცემა და ადამიანის ღირსების დაცვა ქმნის სათანადო ნიადაგს იმ დიალოგისათვის, რომელსაც შეუძლია თანამედროვე სამყაროს მორალური და სოციალური გამოწვევების დაძლევა.

ისეთ დროს, როდესაც უსამართლობის წინაშე დუმილი მსოფლიო რეალობაზე მძიმე ჩრდილად არის გადაფენილი და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ჰეგემონური ძალების სასტიკი თავდასხმების სამიზნედ არის გადაქცეული, რელიგიურ ლიდერებს განსაკუთრებული ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წინასწარმეტყველთა სწავლებით შთაგონებულებმა რელიგიურმა ლიდერებმა სიმართლის ხმა უნდა აღიმაღლონ და მტკიცედ დაუპირისპირდნენ უსამართლობას. წმინდა ყურანი მოგვიწოდებს „თანასწორობის სიტყვისკენ“, ხოლო დღეს ეს თანასწორობის სიტყვა არის ჩაგრულთა დაცვა, მშვიდობის მხარდაჭერა და აგრესიის დაგმობა.

 გისურვებთ წარმატებას თქვენს საპატრიარქო მსახურებაში. ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო სემინარიების სახელით, ირანელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ნიშნად, გიწვდით ძმობისა და თანამშრომლობის ხელს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი რელიგიური ინსტიტუტების სამეცნიერო, კულტურული და სულიერი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანური თანაცხოვრების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ყოვლადძლიერ ღმერთს შევთხოვ თქვენი უწმინდესობის და ქართველი ხალხის ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებას.

პატივისცემით,

 

ალირეზა არაფი

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო სემინარიების ხელმძღვანელი