სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერას, აკადემიური დიალოგის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას
კონფერენციის პირველი სასესიო დღე გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუსიკისმცოდნე, პროფესორ მანანა ანდრიაძის სამეცნიერო და კულტურულ ღვაწლზე, ასევე, კონფერენციის მნიშვნელობაზე ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების პროცესში.
კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პროფესორ მანანა ანდრიაძის ძმა თეოდორე დოლიძე და შვილი მარიამ ანდრიაძე, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი რუსუდან თაბაგარი და მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი.
პირველი სასესიო დღის ფარგლებში მონაწილეებმა მრავალფეროვანი სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ: გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ლელა მეფარიშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი ეკატერინე ყაზარაშვილი, იონიის უნივერსიტეტის მუსიკის კვლევების დეპარტამენტის დოქტორანტი დესპოინა ჰამალი, კურმანგაზის სახელობის ყაზახეთის ეროვნული კონსერვატორიის ლექტორი ლაზზათ სულეიმანოვა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი ნინო ვეფხვაძე, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის ხელოვნების მაგისტრი კამილ კაუჩიკაიტე, გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ სეთურიძე, კურმანგაზის სახელობის ყაზახეთის ეროვნული კონსერვატორიის დოქტორანტი ჟანელ საფიევა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სოფიო მოდებაძე.
ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშებით წარსდგა სტუმრების წინაშე გალობის უნივერსიტეტის გუნდი (ხელმძღვნაელი: სერგო ურუშაძე), სამეცნიერო ფორუმის პირველი დღე კი ქართული საფერხულო სიმღერის ვორქშოპით დასრულდა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებისთვის სტუდენტურმა გუნდმა გამართა.
კონფერენცია ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ხსოვნას.
15 მაისს, კონფერენციის მეორე სასესიო დღის დასრულების შემდეგ, გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
#გალობისუნივერსიტეტი
ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04