img1


აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან, შოთა ყიფიანთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ცოცხალ ბათუმელ ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

დამსახურებულ პედაგოგს ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ:

   „ქედს ვიხრი თქვენი და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, რათა ჩვენ, მომავალ თაობებს, მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვრა. ომის შემდეგაც 56 წელი, როგორც პედაგოგმა, ღირსეულად გააგრძელეთ თქვენი პროფესიით მუშაობა და საქართველოს არაერთი თაობა აღუზარდეთ,“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან სოფო ბაკურიძესთან ერთად ესტუმრა ქეთევან ლორიას, ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მისალოცი წერილი გადასცა. 

     ქეთევან ლორია, რომელსაც 14 მაისს 103 წელი უსრულდება, ომის დაწყების დროს ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა ფრონტზე მოხალისედ გაიწვიეს. უკრაინის მეორე ფრონტის 24-ე, განსაკუთრებულ ბატალიონში მეკავშირე-სერჟანტად იბრძოდა და 1945 წლის მაისში, ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. დაჯილდოებულია სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენითა და ათი სხვადასხვა საბრძოლო მედლით, მიღებული აქვს არაერთი წერილობითი მადლობა. ომგადახდილმა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და განაწილებით, ხელვაჩაურის რაიონის №1 საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურის მასწავლებლად.

      ქეთევან ლორია, მეორე მსოფლიო ომში, სამი წელი და ხუთი თვე იბრძოდა. რამდენიმე დღეში ის 103 წლის შესრულდება. აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებულ, აჭარაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ყოველწლიურად, დაბადების დღეზე, 5 000-ლარიანი დახმარება ეძლევათ. ამასთან, ვეტერანები სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი პროგრამით. ასევე, ბათუმის მერიის მიზნობრივი სოციალური პროგრამებით. წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებზე და ომში დაღუპულთა ოჯახებზე, დამატებითი ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაიცა.