ჩვენი ქვეყანა რთულ ვითარებაშია. წლების განმავლობაში უდიდესი შრომით მიღწეული პრაქტიკული შედეგები — უვიზო რეჟიმი და აღდგენილი ფრენები — დღეს საფრთხის ქვეშაა. ინტერვიუში დეტალურად განვმარტავ, თუ რატომ შეფერხდა რუსეთთან დიალოგი და რა პროცესები მიმდინარეობს რეალურად კულუარებში.
მთავარი თემები:
რა გეგმა არსებობდა ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და რატომ გაჩერდა პროცესი გასული წლის სექტემბერში?
რატომ არის სერგეი კირიენკო ის ფიგურა, ვისაც აფხაზების დიალოგზე წამოყვანა შეუძლია და რატომ ვუშვებთ შეცდომას მისი მტრად გამოცხადებით?
რატომ ამოწურა თავი ჟენევის ფორმატმა და რატომ არის აუცილებელი ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ პუტინის პირისპირ შეხვედრა?
დრო აღარ იცდის, საქართველო ისტორიული არჩევანის წინაშეა!
გამოსავალი მხოლოდ პირდაპირ, უშუალო დიალოგშია თბილისსა და მოსკოვს შორის.
წაიკითხეთ დღევანდელ ნომერში, ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება!
მამუკა ფიფია:
ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის პრეზიდენტ პუტინთან უშუალო დიალოგი!
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა არ მეგულება სხვა ფიგურა, ვისაც პუტინი სალაპარაკოდ დაუჯდება!
გასულ წლებში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში აშკარად დათბა. ორმა ქვეყანამ ერთმანეთისკენ რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგა, თუმცა ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მკვეთრად ანტირუსული პოზიციები დაიკავა. ქართველმა საზოგადოებამ არ იცის სინამდვილე, თუ საიდან იღებს საფუძველს ასეთი ფერიცვალება. რა ნართაული გზავნილები მოდის ამჟამად რუსეთის ვერტიკალიდან საქართველოსკენ? გვესაუბრება პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია:
- წლების განმავლობაში, უდიდესი ძალისხმევის ფასად ვმუშაობდით რუსეთთან ურთიერთობების იმ პრაქტიკულ შედეგებზე, რაც დღეს გვაქვს.
არაერთხელ მიგვიმართავს რუსეთის პრეზიდენტისთვის დახმარებისთვის და მისგან ყოველთვის იყო მხარდაჭერა უბრალოქართველების მიმართ. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის შემოღება, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ლეგალურად მუშაობის უფლება — ეს ყველაფერი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის კეთილი ნების შედეგად აღსრულდა და თითოეულ ქართულ ოჯახზე დადებითად აისახა. თუნდაც ახლახან, როცა ტრაილერების ასობით მძღოლმა დახმარებისთვის მოგვმართა, რადგან რუსეთში ყოფნის 90-დღიანი ლიმიტი მათ სამუშაოსა და ოჯახებს აშორებდა. რუსეთის ქართველთა დიასპორის ხელმძღვანელთან, დავით ცეცხლაძესთან ერთად, შევადგინეთ 150 კონკრეტული მძღოლის სია და გადავეცით დსთ-ს საქმეთა კომიტეტს. მივაღწიეთ შედეგს - მათთვის რუსეთში ყოფნის ვადა 180 დღემდე გაიზარდა... დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ეს მრავალწლიანი ნამუშევარი წყალში იყრება იმის გამო, რომ საქართველოს მხრიდან საპასუხო ნაბიჯები აღარ იდგმება. ამდენი შრომის შემდეგ ასეთი უმოქმედობა და გაურკვევლობა დამღუპველია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის!
- რუსეთის ოფიციოზი ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ მკვეთრ და შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს. რატომ გაცივდა ძლივს დამთბარი ურთიერთობები?
- ბუნებრივია, რომ რუსეთი შეშფოთებულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა გარკვეული პირობები. მაგალითად, საქართველოდან იყო დაპირება, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთთან დიალოგს დაიწყებდნენ, რაც დღემდე არ მომხდარა. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა დიალოგის წამოწყების მცდელობა, რაც უშედეგოდ დასრულდა და ამაში არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება ცალსახად დავადანაშაულოთ.
- მაშ, რა მოხდა?
- ასეთი შედეგი მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის ვერტიკალში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა, იქ მომწიფებული პრობლემების გადაჭრამ და გარჩევებმა, რასაც სამწუხაროდ შეეწირა საქართველოს საკითხი. დიმიტრი კოზაკი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელსაც საგარეო კონტურები ებარა და საქართველოსთან ერთად უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის... ასევე, სოხუმის და ცხინვალის საკითხების მეთვალყურეობა ევალებოდა, თანამდებობიდან სწორედ მაშინ გაათავისუფლეს, როცა რუსეთ-საქართველოს დიალოგი უნდა უნდა დაწყებულიყო. ცნობისთვის: რუსეთის საგარეო პოლიტიკა კოზაკის ყოფილი სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების და მოხსენებების საფუძველზე იგებოდა. მას შემდეგ, რაც იგი მოხსნეს, ჩამოიშალა მანამდე განხორციელებული ყველა მიღწევა, რასაც დიალოგის წინაპირობები უნდა მოემზადებინა.
- ნუთუ, დიმიტრი კოზაკის თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოსთან დიალოგის ჩაშლას ემსახურებოდა?
- არ გამოვრიცხავ, მცირე დოზით ამაში წვლილი პოლიტიკურ ინსინუაციებს და საქართველოს მიმართ ნეგატიურად განწყობილ ძალებს მიუძღოდეთ, მაგრამ უფრო მეტად, ეს ჩინოვნიკი შეეწირა მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნას, რაც დიდი ხნის განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობდა, შესაბამისად, კოზაკის მიმართ უკმაყოფილებაც, რუსეთის ვერტიკალშიდიდხანს მწიფდებოდა და მისი გათავისუფლება მოსალოდნელი იყო, უბრალოდ, ეს საქართველოსთან დიალოგის დაწყების პერიოდს დაემთხვა.
ჯამში ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტ პუტინის წინაშე კოზაკს წარმატებული მხოლოდ საქართველოს ქეისი გააჩნდა, ისიც საწყის ეტაპზე, სხვაგან კი, ყველგან წარუმატებლობა ჰქონდა! ამ ქეისის წარდგენას აპირებდა კოზაკი პრეზიდენტის წინაშე 2025 წლის სექტემბერში, მანამდე (2024 წლის სექტემბრიდან) ჩავარდნების გამო იგი პუტინთან ვეღარ შედიოდა! კოზაკის გარდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს სხვა პირველი მოადგილეც, სოხუმში დაბადებული სერგეი კირიენკო, რომელიც საქართველოს სუს-მა ერთი კვირის წინ თავის ანგარიშში შეიყვანა განმარტებით, თითქოს იგი აფხაზეთში ხშირი ვიზიტებით ხელს უწყობს ანექსიას...
- ფაქტია, რუსეთს საქართველოს მიმართ ინტერესები გააჩნია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი სამსახური არსებობს. რა შედეგზეა გათვლილი საქართველოსთან მიდგომა? საქართველოს ანექსიაზე თუ მეგობრულ და ჯანმრთელ ურთიერთობებზე?
- რუსეთს საქართველოსთან ცალსახად სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა; სურს გახსნას ყველა სახის სატრანსპორტო კომუნიკაცია. რუსეთის ხელისუფლებაში არაერთხელ ითქვა, რომ მზად არიან საქართველოსთან ურთიერთობების იმ დონემდე გასაღრმავებლად, რა დონისთვისაც საქართველო იქნება მზად, სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩათვლით! დიმიტრი კოზაკის საქმიანობა ჩამოიშალა, არადა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ მასთან სუბორდინაციაში ჰქონდა შეთანხმებული რუსეთთან მოლაპარაკებების ძირითადი პროცესის დაწყება და მანამდე განსახორციელებელი საკითხების თანამიმდევრობა. ქართული მხარეს მიერ აფხაზების და ოსების წინაშე ბოდიშის მოხდაც, რასაც ქართველ საზოგადოებაში მძაფრი რეაქციები მოყვა - ამ შეთანხმებების ნაწილი იყო, რაც შემდგომში აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ქართული მხარე ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებოდა ამ გეგმას, თუმცა რუსულ მხარეს 2025 წლის სექტემბერში მოუვიდა ჩავარდნა და იმ კაცმა (დიმიტრი კოზაკმა) ვისაც ბატონი ბიძინა ენდობოდა და საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა - თავისი უფლებამოსილება და ფუნქციები დაკარგა, შესაბამისად, მოლაპარაკებების დაწყება ჰაერში გამოკიდული დარჩა, ხოლო ქართული მხარე - იმედგაცრუებული. ახალი ფორმატის ჩანასახები არსებობს, თუმცა ჯერ არის ფორმირებული; ყოველ შემთხვევაში, რუსული და ქართული მხარეები ამ ეტაპზე ერთმანეთთან კონტაქტზე არ არიან. ამასობაში, საქართველოს ხელისუფლებაში ლიბერალურმა ფრთამ იმძლავრა და რუსეთისთვის ზურგის შექცევა იწყეს.
- აი, უკვე ნათელი ეფინება მოვლენებს. აქამდე ფართო საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციები არ გააჩნდა. მე მაინტერესებს, რა ეტაპზე იყო მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის შექმნის პროცესი, თავის აპოგეაზე?
- როგორც გითხარით, რუსეთში ჩავარდნა გასული წლის სექტემბერში მოხდა. სექტემბრის მიწურულს კი, მოსკოვში კოზაკთან ჩამოვიდა ქართველი ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ითქვა, რომ შემდეგი შეხვედრა უკვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად იქნებოდა! ასეთი იყო გეგმა, მაგრამ ამასობაში ბატონი კოზაკი თანამდებობიდან მოხსნეს. ჩემი აზრით, ქართული მხრიდან ეს ვოიაჟი მარცხისთვის წინდაწინვე განწირული, არასწორი ნაბიჯი იყო. უნდა გაეთვალისწინებინათ შექმნილი მდგომარეობა, რომლის მიხედვით კოზაკს სერგეი კირიენკოსთან შიდა ბრძოლა ჰქონდა, დღე-დღეზე მოიხსნებოდა და რაც უნდა წარმატება ჰქონდა საქართველოს ქეისში, პუტინი მაინც აღარ მიიღებდა!
- მაინც ცუდად გამოვიდა - მოიხსნა საქართველოს ვერტიკალთან დაახლოებული კოზაკი, ხოლო მისი შემცვლელი ექვემდებარება სერგეი კირიენკოს, რომელიც ანტიქართული განწყობებით გამოირჩევა...
- ვერ დაგეთანხმებით, რომ კირიენკოს განწყობები ანტიქართულია. პუტინის შემდეგ ის პირველი კაცია; კირიენკოს ხელში არის რუსეთის საშინაო პოლიტიკის ფარგლებში უზარმაზარი ძალაუფლება, მის ხელშია მედია, „როსატომი,“ „როსკოსმოსი,“ „ვ კონტაქტე,“ „რუთუბი,“ „მაქსი...“ ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს - მის ხელშია! მას პუტინი ენდობა. ამ დროს, საქართველოს სუსი მას აცხადებს ლამის მტრად. მიმაჩნია, რომ ეს არის დასავლეთიდან ინსპირირებული ნამდვილი პროვოკაცია, რომელიც წინასწარ გვიჭრის რუსეთთან პერსპექტიულ მოლაპარაკებებში ჩვენთვის სასურველი შედეგების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს! ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს, რომ რუსეთთან არამცთუ მოლაპარაკებები, არამედ, მოლაპარაკებების მიზნით კომუნიკაციაც კი ვერასოდეს დაიწყოს!
მართალია, სერგეი კირიენკო აფხაზების მხრიდან ნდობით სარგებლობს, მაგრამ პირობითად ხვალ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი საქართველოს საკითხის მოწესრიგებას შეუდგება, სწორედ კირიენკო იქნება ის ფიგურა, რომელიც აფხაზებს ქართველებთან დიალოგზე წამოიყვანს! ჩემი ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, საქართველოს სუს-ის განცხადება, რომ სერგეი კირიენკო საქართველოს ანექსიას უწყობს ხელს - არ მიმაჩნია გონივრულად. საქართველოს ხელისუფლების ისევ პროდასავლურ ვექტორზე გადასვლა და კირიენკოს მტრად გამოცხადება მოლაპარაკებების პროცესს გვაშორებს. აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაც, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოჩნდა.
- ბოდიშის მოხდის გარდა კიდევ რა ვალდებულები აიღო საქართველოს მხარემ?
- სამთავრობო კომისიის შექმნა, წინა რეჟიმის დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოფენა, ქართული „ნიუნბერგის პროცესის“ და რეჟიმის გასამართლების დაანონსება ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ. ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ რომ გააჩერა - სწორედ პრეზიდენტ პუტინთან იმ არშემდგარ შეხვედრას უკავშირდება! ქართულ მხარეს დადებული ჰქონდა პირობა, რომ 2024 წლის არჩევნების მერე რუსეთთან დიალოგზე წავიდოდა, მანამდე კი, რამდენიმე სვლას გააკეთებდა: გაასამართლებდა ძალადობრივი რეჟიმის, ასევე 2008 წლის პროვოკაციული ომის მოთავეებს და სამხედრო დამნაშავეებს, პარალელურად, რეჟიმის ჩადენილი დანაშაულებისთვის ბოდიშს მოუხდიდა ოსებს და აფხაზებს. ამ ნაბიჯებს რუსეთის ხელისუფლება, ოსები და აფხაზები კეთილ ჟესტად მიიღებდნენ, რაც მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად გადაიქცეოდა. საქართველომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მართლაც იწყო, მაგრამ კოზაკის მოხსნის შემდეგ ეს პროცესი შეწყვიტა და კვლავ ანტირუსული რიტორიკა გააგრძელა.
- რაშია გამოსავალი?
- როგორც კი დავინახე, რომ ჩიხში შევედით, მაშინვე პატრიარქთან მივედი. მინდოდა დამერწმუნებინა, პრეზიდენტ პუტინისთვის წერილი მიეწერა, რათა მას ინიციატივა გამოეჩინა და ბატონ ბიძინას პირისპირ დალაპარაკებოდა, ანუ მოლაპარაკების შუამავალი გამხდარიყო. დიახ, ამ ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არისარა კოზაკთან ან კირიენკოსთან, არამედ პრეზიდენტ პუტინთან უშუალო დიალოგი, მაგრამ მანამდე თანამდებობას უნდა ჩამოცილდეს, ვისი გადაწყვეტილებითაც სუს-მა სერგეი კირიენკო მტრად გამოაცხადა. ჩემი აზრით, ბატონი ბიძინა რეალურად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, აიღოს სრული პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტთან უშუალო დიალოგისა. დღეს საქართველოში არ არსებობს სხვა პოლიტიკოსი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი პირისპირ სალაპარაკოდ დაუჯდება. ბატონო ბიძინა! ჟენევის ფორმატმა თავი რახანია, ამოწურა. შვეიცარია რუსეთთან დაპირისპირებულ მხარედ გვევლინება! ჩვენ აღარ გვჭირდება შუამავალი, უპრიანია, მოლაპარაკებები ჟენევაში კი არა, პირდაპირ თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს. ბატონო ბიძინა, ვიდრე საქართველო ნაწილებად დაშლილა, გამოიყენეთ ისტორიული შანსი, დაბრუნდით პოლიტიკაში, მისიაში ჩართეთ ახალი პატრიარქიც, დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს და იხსენით საქართველო!
ესაუბრა ზაზა დავითაია
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15