img1


გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ

გაფიცვა 13 აპრილს დაიწყო და დაახლოებით 48 საათს გაგრძელდება. პროტესტში ჩართული არიან როგორც Lufthansa-ს ძირითადი პერსონალი, ისე მისი შვილობილი კომპანიების — Lufthansa Cargo-სა და CityLine-ის პილოტები, ხოლო Eurowings-ის ეკიპაჟმა გაფიცვა ერთდღიან რეჟიმში გამართა.

პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვის მთავარი მიზეზი შრომითი დავაა, რომელიც ეხება პილოტების ანაზღაურებას, სამუშაო პირობებსა და საპენსიო სისტემას. მათი თქმით, მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საჰაერო მიმოსვლაზე — გაუქმდა და გადაიდო ასობით რეისი. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტები, მათ შორის ფრანკფურტისა და მიუნხენის ჰაბები, სადაც მხოლოდ ერთ დღეში ასობით ფრენა ვერ შესრულდა.

ავიაკომპანიები მგზავრებს მოუწოდებენ, რეგულარულად გადაამოწმონ ფრენების სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ გადაჯავშნის ან ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობით.