ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმი წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას. კერძოდ, სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შესაბამისი ტენდერი 25 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა, წინადადებების მიღება გუშინ, 30 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 390 ლარია. წინადადება მხოლოდ ერთ კომპანიას "შპს რუმი 2025"-ს აქვს წარდგენილი. თუმცა, მასთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა.
ლაო ჯინ ჯაო ჩაის კულტურის სპეციალისტი იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩინეთიდან საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაის კულტურის შემოტანა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერება ხელი. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმატებული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობები, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ", - წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, დაახლოებით ორი წლის წინ ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს ისტორიული სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. ლაო ჯინ ჯაოს სახლს, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14