საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიება ალექსი ახვლედიანს კუთვნილი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომელი იარაღითაც, შსს-ს ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება უკვე წარუდგინა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ალექსი ახვლედიანი მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მოინახულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია: ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში.
ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ (მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით), ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია და იკეტება კარი.
ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში. ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები, ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით.
კამერები აქვს ამოღებული აქვს გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით,“ – თქვა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლალი აფციაურის თქმით, ახვლედიანი იარაღს სპეციალურ ქეისში ინახავდა.
„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, რომელსაც ატარებდა თან. არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო [ფანჩატურში], წასული იყო… შესაძლებელია იქამდე იყვნენ სტუმრები, მე არ ვიცი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში,“ – თქვა ლალი აფციაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრებში თორნიკე რიჟვაძე, ლალი აფციაურმა თქვა: „დიახ, ეს ყველაფერი ჩანს“.
ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15