img1


ტრამპი: საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ, როგორ არის შესაძლებელი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს არაფრის გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის სასამართლო პროცესი და განაცხადა, რომ ეს ხელს უშლის „ჰამასთან“ და ირანთან შეთანხმებების მიღწევის მცდელობებს.

 

„საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ის ომის გმირია და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, რათა დიდი წარმატება მოეტანა ირანში საშიში ბირთვული საფრთხის მოსაშორებლად. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა „ჰამასთან“ მოლაპარაკებების პროცესშია, რაც მძევლების დაბრუნებასაც მოიცავს. როგორ არის შესაძლებელი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს არაფრის გამო (სიგარები, ბაგს ბანის თოჯინა და ა.შ.)“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

 

ტრამპმა ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესს „პოლიტიკურ ჯადოქრებზე“ ნადირობა უწოდა და შეადარა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს. 

 

„ეს პოლიტიკური ჯადოქრებზე ნადირობაა, ძალიან ჰგავს ჯადოქრებზე ნადირობას, რომლის ატანაც მე მომიწია. „სამართლიანობის“ ეს ფარისევლობა ხელს შეუშლის როგორც ირანთან, ასევე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიგიჟეა, რასაც კონტროლიდან გასული პროკურორები ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში მილიარდობით დოლარს ხარჯავს, გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, ისრაელის დასაცავად და მხარდასაჭერად. არ ვაპირებთ, ამას შევეგუოთ. ჩვენ ახლახან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს მეთაურობით - და ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს გამარჯვებას. გაუშვით ბიბი, მას დიდი სამუშაო აქვს გასაკეთებელი!“, - აღნიშნა ტრამპმა.