img1


თურქეთი საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“ ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად განიხილავს

თურქეთი აქტიურად ავითარებს სახმელეთო და საზღვაო ლოგისტიკურ მარშრუტებს, რათა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტის საკვანძო სატრანსპორტო არტერიის, ჰორმუზის სრუტის შესაძლო დახურვის რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. ინფორმაციას hurriyetdailynew ავრცელებს.

 

ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა.

 

„ჩვენ გვჭირდება საიმედო ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუხის სრუტე დაიხურება, ამიტომ „განვითარების გზისა” და „შუა დერეფნის” პროექტების განხორციელებას გავაძლიერებთ,“ - აცხადებს მინისტრი.

 

მისი თქმით, „განვითარების გზის,” ანუ სპარსეთის ყურე-ერაყი-სირია-თურქეთის სახმელეთო მარშრუტში დაახლოებით, 24 მლრდ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პარალელურად, გაძლიერდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, რომლის 2,2 ათასი კმ თურქეთზე გადის. ამ მარშრუტის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა უკვე დასრულებულია.

 

თურქი მინისტრი ვარაუდობს, რომ ორივე პროექტის ექსპლუატაციაში სრულად გაშვების შემდეგ ევროპაში საქონლის მიწოდების დრო „განვითარების გზით” 25 დღემდე, ხოლო შუა დერეფნით 13 დღემდე შემცირდება.

 

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი“ კასპიის ზღვაზე გადის. ის ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. 2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული საქონლის მოცულობამ 27 ათასი კონტეინერი შეადგინა.

 

რაც შეეხება „განვითარების გზას,” 2024 წლის აპრილში ერაყმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა „ერაყის განვითარების გზის“ პროექტს მოაწერეს ხელი. ის 1200 კმ-ზე მეტი სიგრძის რკინიგზისა და მაგისტრალის მოდერნიზაციასა და მშენებლობას ითვალისწინებს, რითაც ევროპა-აზიას შორის სახმელეთო გზა შეიქმნება და მომავალში, შესაძლოა, ახალ „აბრეშუმის გზად“ იქცეს.

 

ეს სავაჭრო დერეფანი სპარსეთის ყურეში, ერაყის პორტ ალ-ფაოდან დაიწყება და ერაყი-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ, ფიშ-ხაბურში, მდინარე ტიგროსზე დასრულდება. პროექტის სიგრძე 2300 კმ-ზე მეტია, საიდანაც რკინიგზის სიგრძე 1175 კმ, სახმელეთო გზის კი 1190 კმ.