ისტორიული ამნეზიისა და კოლექტიური ღირსების მიზანმიმართული ეროზიის ეპოქაში, განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება ის ცინიზმი, რომლითაც გარკვეული, კარგად ორგანიზებული ჯგუფები ხანდაზმულთა თაობას, მათ დაგროვილ გამოცდილებასა და ხშირად შერყეულ ჯანმრთელობას, საკუთარი ვიწრო, დესტრუქციული დღის წესრიგის სამსახურში აყენებენ. ეს არ არის უბრალო უგუნურება; ეს არის გათვლილი სტრატეგია, რომლის მიზანია ერის კულტურული კოდისა და ისტორიული მეხსიერების დეკონსტრუქცია, რათა ამ ნანგრევებზე ახალი, ყალბი ნარატივები აღმოცენდეს.
ვუმზერთ ამ საგულდაგულოდ დადგმულ სპექტაკლებს: როგორ ამახინჯებინებენ სიმღერებს, რომლებიც ოდესღაც ერის სულიერ ერთობას განასახიერებდა, აქცევენ რა მათ კარიკატურებად, დაცლილს პირვანდელი აზრისა და ემოციისგან. როგორ აყენებენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი, არსობრივად ანტისახელმწიფოებრივი და მარაზმატიკული ლოზუნგების ქვეშ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება, თავისი სირთულეებითა და მიღწევებით, ერის ისტორიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. განსაკუთრებით გროტესკულია, როდესაც ხედავ პიროვნებას, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, რუსეთის საესტრადო სივრცეში გაატარა, იქ მოიხვეჭა სახელი და საკმაოდ სოლიდური კაპიტალი, ახლა კი ღრმა სიბერეში, შესაძლოა სკლეროზით დამძიმებული, დგას იმ ფესტივალის სცენაზე და "მღერის", სადაც სულ რამდენიმე საათით ადრე ვიღაც თვითმარქვია "შემსრულებელმა" იმავე რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფა მიაყენა პრიმიტიული და ამაზრზენი ფორმით. ამ პროცესში, ხანდაზმულები იქცევიან არა სუბიექტებად, არამედ ობიექტებად – ცოცხალ ფარებად, რომელთა უკან იმალებიან ნამდვილი აქტორები, ამორალური სპექტაკლის რეჟისორები.
თავდაპირველი კითხვა – ნუთუ ამ მოხუცებს აღარ ძალუძთ რეალობის აღქმა? – სწრაფად იცვლება გაცილებით მძიმე და სისტემური ეჭვით: რა როლს ასრულებენ ამ პროცესში მათი შთამომავლები? ახალგაზრდა თაობა, რომელიც წესით, ამ ადამიანების საყრდენი და მათი ღირსების დამცველი უნდა იყოს. პასუხი ხშირად ზედაპირზევე დევს: ეს თაობა ან მისი მნიშვნელოვანი აქტიური ნაწილი, რომელიც გაჯერებულია იმ "პროგრესული" იდეებით, რასაც ხშირად სწორედ ის "ფესტივალების ორგანიზატორები" და მათი გარემოცვა ტირაჟირებს, თავად არის ამ დესტრუქციული პროცესის ნაწილი. ეს არ არის უბრალოდ გულგრილობა; ეს არის აქტიური თანამონაწილეობა, იდეოლოგიური სოლიდარობა იმ ძალებთან, რომელთა მიზანი არსებული სახელმწიფოებრივი წესრიგის დემონტაჟი და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებაა.
და აქ უკვე აღარ შეიძლება არ დავინახოთ უფრო დიდი სურათი: ეს "ფესტივალები", "არტ-აქციები" და "სამოქალაქო პროტესტის" სხვადასხვა ფორმები ხშირად, მხოლოდ ფასადია. ფასადი, რომლის მიღმაც იმალება გარედან მართული, კარგად დაფინანსებული ქსელები, რომელთათვისაც საქართველო მხოლოდ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე მორიგი გასათამაშებელი ფიგურაა. მათთვის ხანდაზმულთა გამოყენება, ეროვნული სიმბოლოების პროფანაცია და საზოგადოების გახლეჩა – ეს ყველაფერი დასაშვები და წახალისებული ინსტრუმენტებია საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამ სცენარში, ახალგაზრდა "რევოლუციონერები" ხშირად მხოლოდ უნებლიე ან შეგნებული მარიონეტები არიან, ხოლო მათ მიერ მანიპულირებული მოხუცები – ამ ტრაგიკომიკური თამაშის ყველაზე დაუცველი მსხვერპლნი.
მათთვის, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ ქვეყნის დასუსტებასა და გარე ძალების ინტერესების გატარებას ემსახურება, ვინც საკუთარ ბებია-ბაბუებსაც კი არ ინდობს ამ ბინძურ თამაშში, შეიძლება ითქვას: თქვენ არა მხოლოდ საკუთარ ფესვებს ჭრით, არამედ მომავალსაც უწამლავთ ამ მიწას. თქვენი ადგილი ისტორიის იმ მაღალ, გამხმარ ხეზეა, რომლის ჩრდილშიც კი არავინ ისურვებს დასვენებას, და საიდანაც თქვენი ქმედებები სამარცხვინო ლაქად დააჩნდება ერის მეხსიერებას. თქვენს "ნამღერსა" და "იდეალებს" კი, რომლებიც ამ დამანგრეველ ქმედებებს ამართლებს, საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის დიდი ხანია გროშის ფასიც აღარ აქვს.
ირაკლი ყიფიანი
26.05.2025
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25