img1


Bloomberg: აშშ-მა რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება შესთავაზა

აშშ-მა რუსეთის ფედერაციას შესთავაზა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკებების განახლება კრემლისთვის შეთავაზებული დათმობების სიას დაამატა. ისინი შეწყდა 2022 წლის თებერვალში, მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე.

 

წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან მიმართებით სხვა დათმობებზეც წავიდეს, რათა ვლადიმერ პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასა და ფრონტის ხაზზე ომის გაყინვას დათანხმდეს. 

 

სააგენტომ დასძინა, რომ ამერიკულმა მხარემ ჯერ კიდევ არ გასცა მკაფიო პასუხი კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს, თუ უკრაინაზე თავდასხმები გაგრძელდება.

 

ცნობისთვის, ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

 

საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.