img1


პროკურატურა ფონდის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.

 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება უკავშირდება იმ ე.წ. „ფონდების“ საქმიანობას, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ასევე სამართალდამრღვევი პირებისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო "ნანუკას ფონდს", "ფროსფერითს", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, "სირცხვილია"-ს და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს". პროკურატურა ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვას საჭირო ნაბიჯად მიიჩნევს მტკიცებულებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლებში და რეგისტრაციის მისამართებზე.

 

უწყების განცხადებით, ჩხრეკის მიზანია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვება.