img1


აშშ-მა კვლავ არ დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას ახსენებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ახსენებს.

 

ლუქსემბურგისა და ლიეტუვის მიერ ინიციირებული 12-გვერდიანი რეზოლუცია გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება რუსეთის სტატუსს, რომელიც 2022 წლის მარტიდან აღარაა ევროპის საბჭოს წევრი. რეზოლუცია ორჯერ — პრეამბულაში და ძირითად ტექსტში — მიუთითებს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, პრეამბულაში საუბარია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე.

 

კერძოდ, რეზოლუციით, გაეროს გენერალური ასამბლეა „აღიარებს, რომ უპრეცედენტო გამოწვევები, რომლის წინაშეც ევროპა დადგა უკრაინის და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიით“ და ევროპის საბჭოში რუსეთში წევრობის შეჩერებით, მოითხოვს გაეროსა და ევროსაბჭოს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული სამართლის აღსრულების, დაზარალებულთა კომპენსაციისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიმართულებებით.