img1


ღრმა შეშფოთებითა და მზარდი კითხვებით ვადევნებთ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას |ირაკლი ყიფიანი

ღრმა შეშფოთებითა და მზარდი კითხვებით ვადევნებთ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები უმძიმეს ისტორიებს იხსენებენ წარსული რეჟიმის პირობებში განცდილი სისტემური უსამართლობის, ღირსების შელახვისა და ფიზიკური თუ მორალური ტანჯვის შესახებ. ეს ჩვენებები კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე პირდაპირი ეთერით, გვიჩვენებს იმ რეალობას, რომლის ჩამდენიც წინა ხელისუფლება და მისი პირველი პირი მიხეილ სააკაშვილია.

 

სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მწვავე და გაუგებარი ხდება ის დისონანსი, რომელიც არსებობს ამ შემზარავი ფაქტების გახმოვანებასა და იმავე პერიოდის ცენტრალური ფიგურის, ბატონი სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის. მაშინ, როდესაც საზოგადოება წარსულის ტრავმებს ხელახლა განიცდის, პირი, რომლის მმართველობასაც ეს უმძიმესი ეპიზოდები უკავშირდება, იმყოფება არა სტანდარტულ პენიტენციურ დაწესებულებაში, არამედ სამკურნალო დაწესებულება "ვივამედში", რაც დამერწმუნებით პრივილეგირებული მდგომარეობაა.

 

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა: რა პრინციპული საფუძველი უდევს ამგვარ მიდგომას? როგორ უთავსდება ერთმანეთს, ერთი მხრივ, წარსული დანაშაულების სიმძიმის დემონსტრირება და მეორე მხრივ, ამ დანაშაულებთან ასოცირებული მთავარი პოლიტიკური ფიგურისადმი ასეთი განსხვავებული მოპყრობა? ხომ არ ქმნის ეს ვითარება საზოგადოებაში განცდას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არათანმიმდევრულია, ან უარესი – რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია და არა რეალური მართლმსაჯულების აღსრულების მცდელობა?

 

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ნდობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ იმოქმედოს მაქსიმალური თანმიმდევრულობით. იმ ფონზე, რასაც ვისმენთ კომისიის სხდომებზე, ლოგიკურ და სამართლებრივად გამართლებულ ნაბიჯად წარმოგვიდგება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა პატიმრის თანაბარ პირობებში.

 

მოვითხოვთ მკაფიო განმარტებას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც გააქარწყლებს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებსა და აღშფოთებას.

 

პატივისცემით,

ირაკლი ყიფიანი