ნაცებზე, სააკაშვილზე და ლიბერასტებზე დიდი მტერი საქართველოს დღეს არავინ ჰყავს!!!
რუსეთში მცხოვრები მილიონიანი ქართული ემიგრაციის ნების გამომხატველი დეპუტატები აუცილებლად უნდა ისხდნენ საქართველოს პარლამენტში!
მე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის და, უფრო მეტისაც - მოკავშირეობის მომხრე ვარ!
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს!“ - განაცხადა ახლახან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა. რისი გათვალისწინება გვმართებს ქართველებს, აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ რომ არ დავკარგოთ? - „დასავლეთიდან მართულ მეხუთე კოლონას მოვუწოდებ: როცა აქციებზე რუსეთის ხელისუფლებას აგინებთ, რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების ხვედრსა და მომავალზეც იფიქრეთ!“ - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, წარმოშობით აფხაზეთელმა
მამუკა ფიფიამ:
- რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაც სრული უფლება აქვთ, მონაწილეობდნენ საქართველოს როგორც საშინაო, ისე, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ყველაზე მასობრივი ქართული ემიგრაციის ტალღა რუსეთს 1992-93 წლებში მიაწყდა. ერთხანობას, ემიგრანტთა რაოდენობამ მილიონნახევარსაც მიაღწია! რუსეთში ჩამოვიდნენ თითქმის უპოვარი ქართველები, თითო ჩანთის ამარა, რომელთაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ - საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ლუკმა-პურის რესურსი გამოემუშავებინათ. დიდი მადლობა რუსებს, რომ ამისი საშუალება დაუყვედრებლად მოგვცეს, თუმცა მუქთად არავის არაფერი უჩუქებია. თვითონ რუსებს ჰქონდათ იმ დროს, პრობლემები, მაგრამ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობა არასოდეს ყოფილა! ათწლეულების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით ქართული ემიგრაცია ამჟამად საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესს ეწევა, გარკვეული ნაწილი კი, დიდ ბიზნესშიც დამკვიდრდა. ახლახან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დოკუმენტაციაში სენსაციურ ინფორმაციას წავაწყდი: ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსულია 50 მილიარდი დოლარი (დაახლოებით, 130 მილიარდი ლარი!)! არ გეგონოთ, რომ ამ თანხაში შედის რაიმე გრანტი! ეს მოვლენა პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილით სიკვდილს რუსეთში მათი ოჯახების წევრების ოფლით გამომუშავებულმა ჯამაგირებმა გადაარჩინა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფდა საკუთარი მოქალაქეების გამოკვებას! ეს ფული მთლიანად დარჩა საქართველოში. პირადად მე საქართველოში 1 ცენტიც არ მიშოვნია! ბოლო 3 წელია, ქართველები ევროპიდანაც არჩენენ ოჯახებს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთიდან გზავნილების იმედად იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი! წარმოიდგინეთ, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს ეკონომიკას, თუ რუსოფობიური ტალღის გამო გამძვინვარებული რუსეთის ხელისუფლება კონკრეტულ ზომებს მიიღებს და ანალოგიური ტალღა რუსეთშიც აგორდება?!
- აკი, ერთხელ კიდეც გავხდით რუსეთიდან ქართული ემიგრაციის მასობრივად გამოდევნის მომსწრენი?
- დიახ, ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა ზღვარი, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლურად შეთხზა რუსეთიდან მართული შეიარაღებული გადატრიალებების და ჯაშუშობის რამდენიმე საქმე. კარგად მახსოვს, ამ რეპრესიამ პირადად თქვენს კისერზეც გადაიარა, ბატონო ზაზა, რადგან 12 ადამიანი შეთქმულების ცრუ ბრალდებით გაგასამართლეს... მეტი სიმწვავისთვის, სააკაშვილმა გამომწვევად დააპატიმრა რუსი პოლკოვნიკები, რასაც კიდეც მოყვა რუსეთის ხელისუფლებიდან საპასუხო რეაქციები, რაც არალეგალი ქართველების სამშობლოში მასობრივი დეპორტაციით გამოიხატა. 2006 წლიდან რუსეთში მცხოვრები ქართველები ყოველდღიურად შიშით შევცქეროდით ტელეეკრანებს, იმის მოლოდინში, რომ სააკაშვილი კიდევ რაღაც სისულელეს მოროშავდა, რაც ქართველი ემიგრანტების ხვედრზე აისახებოდა. პირდაპირ გეტყვით - სააკაშვილის მსახვრალი პოლიტიკა რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებს განსაკუთრებული სიმწვავით შეგვეხო და დაგვაზიანა! ჩვენ ხომ, უამისოდაც ძალიან გვიჭირდა და, ეს არც ერთ ხელისუფლებას არ გახსენებია! შევარდნაძის რეჟიმი, მაგალითად, რუსეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არფერში გვეხმარებოდა, მაგრამ არც ხელს გვიშლიდა. სააკაშვილის რეჟიმმა კი, თავისი ექსტრემისტული მოქმედებებით, ემიგრანტებს ყველაფერი დაგვინგრია, რაც ნულიდან, თავიდან შევქმენით - ბიზნესები, პირადი ცხოვრება და ა.შ!
- საუბრის დასაწყისში თქვენ მიესალმეთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას და დასძინეთ, რომ მანამდე რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ბედით საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა... რა იგულისხმეთ?
- ქართველებს პირველად მაშინ გაგვიჭირდა, როდესაც 2000 წლის ბოლოს რუსეთმა სავიზო რეჟიმი აამოქმედა. პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, ეს იმით ახსნა, რომ რუსეთი, ჩეჩნეთის ომის პირობებში, არ აკონტროლებდა საზღვრის ნაწილს და მას „ბოევიკები“ უპრობლემოდ კვეთდნენ. მანვე თქვა, რომ ეს დროებითი ზომა იქნებოდა. რუსეთში მცხოვრებ ქართველების უმრავლესობას იმ პერიოდში ჯერ ისევ საბჭოთა პასპორტები ჰქონდათ, მათ გამოსაცვლელად ვერ მოიცალეს, არადა საბჭოთა კავშირი რა ხანია, აღარ არსებობდა! შესაბამისად, ხალხის ეს ნაწილი უსაბუთოდ, არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ მოესპოთ სამედიცინო მომსახურების შეღავათი. სნეული ქართველი ემიგრანტები სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გასატარებლად სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ! გარდაცვლილი ოჯახის წევრის დასაკრძალად ვერ ჩამოდიოდნენ! გარდაცვლილი არალეგალი ემიგრანტების სამშობლოში ჩამოსვენებაც პრობლემა გახდა, მათი ნაწილი დღემდე რუსეთის მიწაში განისვენებს. ცოტათი შეძლებული ემიგრანტები ფულს ვაგროვებდით, არალეგალებს შემოვლითი გზებით ვაბრუნებდით სამშობლოში. აკადემიკოსები: ლეო ბოკერია და ანზორ ხუბუტია უფასო ოპერაციებს უტარებდნენ თანამემამულეებს. უპოვარ ემიგრანტ ქართველებზე დაუღალავად ზრუნავდა "რუსეთში ქართველთა კავშირის" მაშინდელი თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია. დიახ, რომ არა ემიგრაციის ურთიერთ სოლიდარობა, უარესი შედეგებიც დადგებოდა, რადგან ჩვენ მაშინ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი თანადგომა არ გვქონია და ჩვენი ძალებით გავუმკლავდით თავს მოვლენილ გასაჭირს! მერე იყო და, სააკაშვილის რეჟიმი მოვიდა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ გამომწვევი და პროვოკაციული პოლიტიკით ჯერ 2006, შემდეგ კი, 2008 წელს უპირველესად საკუთარი ხალხი დააზარალა, ხოლო ემიგრანტები პირდაპირ, სასიკვდილოდ გაგვწირა, როცა რეპრესიების და დეპორტაციების ტალღა დაგვატეხა! რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ყველა ხელისუფლებამ ფეხზე დაგვიკიდა! ჩვენ ვზრუნავდით საქართველოზე, მაგრამ ჩვენი ინტერესები არავის გახსენებია! როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლებისგან ისეთი პოლიტიკური სვლები ვიხილეთ, რაც ჩვენს საკეთილდღეოდ მიგვაჩნია.
- კონკრეტულად?
- საქართველოს ხელისუფლება დღითიდღე ემიჯნება დასავლეთიდან მავნე დაკვეთების შესრულებას, რაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევას და უკრაინელთა მსგავსად, ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებას გულისხმობს. რუსეთის ხელისუფლებამაც, სათანადოდ დააფასა ოფიციალური თბილისის პოზიცია, რომელმაც რუსეთს ზურგიდან დანა არ ჩაარტყა. წამოვიდა კონკრეტულ დათმობებზე - გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, აღადგინა პირდაპირი ფრენები. ეს ნაბიჯები უპირველესად, რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე აისახება დადებითად! აღარ მოგვიწევს სამშობლოში შემოვლითი გზებით სიარული, საშუალო შეძლების ქართველებიც ხშირად მოახერხებენ სამშობლოში ნათესავების მონახულებას... ქართველებს გაუჩნდათ ობიექტური და რეალური საშუალება, დამატებითი სირთულეების გვერდის ავლით გაიტანონ რუსეთის ბაზარზე თავიანთი ჭირნახული, შესაბამისად, დაუბრუნდნენ მიწის დამუშავებას. მაგრამ, ყველაზე მეტად, რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებს საქმეს გვიფუჭებენ ლიბერასტი და ნაცი ქართველები, როცა გადადიან ცივილური კაცობრიობის მიერ ერთხმად დაგმობილ, ფაშისტურ და ადამიანების ეროვნული ნიშნით სეგრეგაციის გაუმართლებელ მეთოდებზე! თავის დროზე სააკაშვილმა ყველაფერი იღონა, რომ ახალი თაობა ბოლომდე მოეწყვიტა რუსულ ენას, რუსულ კულტურას. ქართველი საზოგადოება დაეპირისპირებინა რუს ხალხთან. ამჟამად კი, მისი მიმდევრები უხამსი მეთოდებით გმობენ ყოველივეს, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული - მათ შორის ეკონომიკას, ტურიზმს, რუსულ კულტურას და ლიტერატურასაც კი!
- ასეთ გამოხდომებს როგორ ეგებება რუსი ხალხი?
- მათი მიზანია, რომ რუსი საზოგადოება დაუპირისპირონ რუსეთში მყოფ ქართველ ემიგრაციას! რა თქმა უნდა, რუსი საზოგადოება გულისტკივილით ადევნებს თვალს ქართველების ერთი ნაწილის პროვოკაციულ გამოხდომებს, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ რუსეთში ამჟამად არ არსებობს საქართველოს, ქართველების და იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართ სიძულვილის დამოკიდებულება! საშუალო სტატიკური რუსი ქართველების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. პოლიტიკაში გაცნობიერებული რუსი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ საქართველოში რუსოფობური ტალღის აგორებას მთელი ქართველი ერი კი არა, მხოლოდ ერთი მუჭა პროვოკატორები, სისხლიანი ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ. ისინი თავიანთი მოქმედებით, რუსებს კი არა, ქართველ ხალხს აზიანებენ! გახსოვთ, როგორი გააფთრებით გმობდნენ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას? ახლა კი, უკვე თავად დაფრინავენ ამ რეისებით. აგერ, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეების ფოტოკამერებმა აეროპორტში დააფიქსირეს; თუნდაც, ბათუმის პორტიდან „რუსული გემის გაძევების“ აქცია ხომ, ტურიზმზე და მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე დარტყმას ემსახურება. რაც შეეხება რუსოფობურ რიტორიკას, მათ მოვუწოდებ, როდესაც აქციებზე რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს აგინებენ, ერთი წუთით მაინც დაფიქრდნენ რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველის ბედსა და მომავალზე! ვრწმუნდები, ნაცებზე, სააკაშვილზე და ლიბერასტებზე დიდი მტერი საქართველოს დღეს არავინ ჰყავს!!!
- არსებული სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?
- სასწრაფოდ აღსადგენია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რის შემდეგაც, რუსეთიდან ახალი პერსპექტივები გამოიკვეთება საქართველოსთვის! ეს სურს რუსეთში მცხოვრები მილიონიანი ქართული ემიგრაციის უმრავლესობას და მათი ნების გამომხატველი დეპუტატები აუცილებლად უნდა ისხდნენ საქართველოს პარლამენტში! რუსეთში და არა მარტო რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენზე უკეთ არავინ დაიცავს ემიგრანტების და ქვეყნის ინტერესებს. მე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის და, უფრო მეტისაც - მოკავშირეობის მომხრე ვარ! უნდა აღვუდგინოთ ჩვენს ერს, „ტოლერანტული საზოგადოების“ ნაცებისგან და ლიბერასტებისგან შელახული იმიჯი, უნდა დავძლიოთ სეგრეგაციის სიმსივნე და რუსებთან თანაცხოვრების კულტურა აღვადგინოთ. ჩვენმა ბავშვებმა არა მარტო რუსული, არამედ მეგრული, სვანური, აფხაზური და ყველა რეგიონალური ენა უნდა ისწავლონ! აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს, შევქმნათ თავისუფალი სავაჭრო ზონები, როგორიც ერგნეთში სააკაშვილის რეჟიმამდე გვქონდა. განვლილმა 30-მა წელმა ისე დაგვაზარალა, ყველაფრის ერთბაშად მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ახლავე! რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველი ემიგრანტების დიალოგი უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გავამხელ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართველების და აქ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე სწორ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, აგრესიული რუსოფობური ძალა რომ ჩაენაცვლოს, მათ რუსეთი აღარ დაინდობს, მეორე დღესვე გაანადგურებს, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრიობაც დამანგრეველ დარტყმას მიიღებს. როგორც სტოლიპინი ამბობდა, „я верю в Россию!“ - მე ვენდობი რუსეთს! ამასთან, იმედი მაქვს რომ ამჯერად ჩემი ერი შექმნილ გარემოებას ალღოს აუღებს. გაბედული ნაბიჯების გადადგმის დრო დგება, რის შედეგადაც საქართველოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სულიერად გაბრწყინება გარდაუვალი იქნება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19