img1


„საქართველო უპირველეს ყოვლისა" განცხადებას ავრცელებს

Georgia First NEWS-ის ფეისბუქ გვერდი კიდევ ერთხელ გახდა სოციალურ მედიაში ამ დრომდე ინერციით მოქმედი ლიბერალური ცენზურის სამიზნე. 

 

როგორც ცნობილია, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, აშშ-ში გაუქმდა ე.წ. „ფაქტების შემოწმების“ პროგრამა, მაგრამ საქართველოში „აზრის პოლიცია“ ჯერ კიდევ მუშაობს და ცდილობს შეზღუდოს იმ რევოლუციური მნიშვნელობის სიახლეების გავრცელება, რომლებიც აშშ-იდან მოდის − იქნება ეს USAID-ის რეალური საქმიანობის მამხილებელი თუ ზოგადად, ლიბერალური დიქტატის დასრულების შესახებ არსებული ინფორმაციები. 

 

კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი 2022 წელს დაფუძნდა, როდესაც მედიასივრცეში ალტერნატიულ, არამეინსტრიმულ აზრზე საზოგადოებაში დიდი მოთხოვნა იყო. Georgia First News აქტიურად აშუქებდა რეალურ ამბებს უკრაინის ომის შესახებ, ევროპაში არსებული ღირებულებითი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების თაობაზე, წყაროებად კი, დასავლურ გამოცემებსა და სხვადასხვა ავტორიტეტული პოლიტიკოსის, მოაზროვნის თუ სხვა პირების საჯარო განცხადებებს იყენებდა, მაგალითად: დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ჯეფრი საქსი, ნოამ ჩომსკი, ემანუელ ტოდი, ტაკერ კარლსონი, რონ პოლი, ტულსი გაბარდი, რობერტ კენედი უმცროსი და ა.შ. 

 

Georgia First NEWS-ის გუნდმა საჯარო წერილით მიმართა მარკ ცუკერბერგს, ასევე გასაჩივრდა აბსოლუტურად უსამართლოდ დაწესებული შეზღუდვები. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის რეალური ამბების მიწოდებას და ამისათვის შევქმენით ახალი პლატფორმა. ასევე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად გავაძლიერებთ ბრძოლას ცენზურასთან, რომლისგანაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მარკ ცუკერბერგმა უკვე გაათავისუფლა ამერიკელი ხალხი. 

 

მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რომლის დაცვა არ უნდა ხდებოდეს გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული Deep State-ის დაშლის ინტენსიური პროცესი იმედს აჩენს, რომ საქართველოში მოქმედი „აზრის პოლიციელების“ საქმიანობა ძალიან მალე დასრულდება.