img1


„პუტინი 10-ჯერ უფრო ძლიერი არმიით დაბრუნდება, თუ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება“ - ზელენსკი

„თუ უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 10-ჯერ უფრო ძლიერი არმიით დაბრუნდება“, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინის შემდგომი მოთხოვნები შესაძლოა, ეხებოდეს ბალტიისპირეთის ქვეყნების გასვლას NATO-დან.

 

„თუ პუტინი დაბრუნდება? ის 10-ჯერ უფრო ძლიერი არმიით დაბრუნდება, ვიდრე 2022 წელს, რადგან მისი არმია უკვე, თითქმის 4.5-ჯერ დიდია. რისთვის დაბრუნდება ის? ყველა იმ ქვეყნის სრული ოკუპაციისთვის, რომელიც ოდესღაც, საბჭოთა რესპუბლიკაში იყო და შემდეგ, ის იმას გააკეთებს, რაც ჩვენს ყირიმს გაუკეთა“, - ციტირებს UNIAN ზელენსკის სიტყვებს.

 

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, როგორ პოზიციაში იყვნენ 2022 წელს უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა და როგორ პოზიციაში არიან ისინი ახლა. 

 

„თუ გავიხსენებთ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, ზუსტად გვეცოდინება, რომ მაშინ, რუსეთის დაჯგუფება სადღაც 200 ათასი იყო. დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე 608 ათასი რუსი სამხედროა. ანუ, ეს დაჯგუფება სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2022 წელს ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდა. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ საკმარისი დახმარებაა - შეადარეთ, რა იყო მაშინ და რა ხდება ახლა“, - ამბობს ზელენსკი.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში, უკრაინა 90%-ით ამერიკის დახმარებაზე იყო დამოკიდებული, დღეს კი, უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე დაახლოებით 40%-ით უკრაინის წარმოებაზე არიან დამოკიდებული, 40%-ით ამერიკის დახმარებაზე, ხოლო დანარჩენი, ევროპაზე მოდის. 

 

ზელენსკის თქმით, „ეს საკმარისი არ არის, რადგან უკრაინა ექსპონენტურად გაიზარდა, ევროპა კი ასე არ გაზრდილა“.