img1


ევროკავშირი მის საზღვრებზე თავდასხმებს არ მოითმენს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრენლანდიის შესახებ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყნებს მის საზღვრებზე თავდასხმის საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

 

ბაროს თქმით, ასეთი თავდასხმები ნებისმიერი ქვეყნისგან მიუღებელია.

 

„რა თქმა უნდა, არ არის შესაძლებელი, რომ ევროკავშირმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს საშუალება მისცეს, მის სუვერენულ საზღვრებს თავს დაესხნენ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, - ხაზგასმით აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

 

დანიის დაქვემდებარებაში მყოფი გრენლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ევროკავშირთან სპეციალური ასოცირების შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ტერიტორიებისთვის.

 

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.