აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და კურსკის რეგიონში შეიჭრნენ. დღეისთვის კურსკის ოპერაცია ფაქტობრივად, დამარცხებულია, თუმცა, გაირკვა მისი ნამდვილი დანიშნულება! – „თბილისში მიმდინარე რევოლუციური მოვლენები ოპერაცია „კურსკი-2“-ის პრელუდიას წარმოადგენს!“ – აცხადებს პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი
მამუკა ფიფია:
– ექსპერტები დიდხანს ბჭობდნენ კურსკის ოპერაციის მიზნების გასაშიფრად. ზოგმა ჩათვალა, რომ კურსკში შეჭრა ზელენსკის ბოევიკებს ზაპოროჟიეს და ხარკოვის ფრონტიდან რუსების ყურადღების გადასატანად დასჭირდათ, სადაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ყველაზე ოპტიმისტ ანალიტიკოსებსაც კი, რუსეთის სიღრმეში შეჭრა თვითმკვლელობად მიაჩნდათ. თანდათან, ამ თავხედურ ბლიცკრიგსაც მოეძებნა ახსნა – უკრაინელებს უთუოდ ჰქონდათ ინფორმაცია და გარკვეული გათვლებიც, რომ კურსკის ოლქში, სადაც ძალიან ბევრი უკრაინელი, ასევე, უკრაინულ-რუსული შერეული ოჯახი ბინადრობს, ხოლო მოქალაქეების დიდ ნაწილს როგორც რუსული, ასევე, უკრაინული პასპორტები გააჩნია – ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მიმხრობას შეძლებდნენ და მათ რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ერთგულ, მოსახლეობის მეორე ნაწილთან დააპირისპირებდნენ.
იმასაც ვარაუდობდნენ, რომ კურსკში კრემლის წინააღმდეგ აჯანყება იფეთქებდა და რუსეთი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვეოდა. აი, ეს გეგმა ჩავარდა.
– ამჟამად კურსკის ოლქში რა მდგომარეობაა?
– ტერიტორიის 70 პროცენტი დივერსანტებისგან უკვე გათავისუფლებულია. ბოევიკები მარყუჟში არიან მოქცეულები, მათი ნებისმიერი გადაადგილება კონტროლზეა აყვანილი და სულ მალე რეგიონი მომხვდურთაგან ბოლომდე გათავისუფლდება. მათ ვერ შეძლეს მთავარი ამოცანის შესრულება – რუსეთის ფარგლებს შიგნით მოსახლეობის დაყოფა და ერთმანეთთან სისხლიან დაპირისპირებაში ჩათრევა, მაგრამ
ამ გეგმის განხორციელებას ამჯერად, კავკასიიდან აპირებენ! პირდაპირ გეუბნებით: ოპერაცია, პირობითი სახელწოდებით „კურსკი-2“ უკვე დაწყებულია. თბილისში ამ ოპერაციის პრელუდია მიმდინარეობს!
– თბილისის ამბები კურსკთან რა კავშირშია?
– კურსკი-1 ჩაიშალა, რადგან უკრაინელებმა, უფრო სწორად, კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელიც ამ ოპერაცის უკან იდგა – ადგილზე მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამასთან, ცოცხალი ძალა აღარ ეყოთ – მოგეხსენებათ, დონბასის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ფრონტებზე ისედაც აღარ ჰყოფნით მეომრები. გამაჩნია საკმაოდ ბევრი არგუმენტი გონივრული ვარაუდისთვის, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ამჯერად, სამხრეთიდან გადაწყვიტა რუსეთის საზღვრებში შეჭრა. მოგეხსენებათ, კავკასიაში მსგავსი ღირებულებების და ადათ-წესების მიუხედავად, ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელი მოსახლეობა ცხოვრობს. ხშირ შემთხვევაში, მათ ერთმანეთთანაც მრავალი სადავო საკითხი გააჩნიათ, რომელიც მოცემული მომენტისთვის მინავლულია, თუმცა ძალზე ადვილად შეიძლება დაპირისპირებების განახლება. კავკასიაში ბოევიკების შეჭრა გამოიწვევს მოსახლეობის ჯგუფებს შორის სისხლიან ურთიერთდაპირისპირებას და იმავდროულად, რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტსაც, რადგან მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებასაც, სხვადასხვა მიზეზით ემდურის. კავკასიაში ომის გაჩაღება კოლექტიური დასავლეთის უმთავრესი ოცნების ახდენა იქნება!
– მაგრამ, უკრაინელი ბოევიკები რანაირად შეიჭრებიან კავკასიის სიღრმეში?
– ამის შანსი მართლაც არ არსებობს, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მართავს. საქართველოს ტერიტორია უფროდაუფრო მეტად ხდება დასავლეთის ინტერესის საგანი, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, არა მარტო ზელენსკის რეჟიმის, არამედ, მის უკან მდგომი კოლექტიური დასავლეთის სამიზნე – საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც დასავლეთმა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად ვერ დაითანხმა და, ამიტომ რევოლუციის გზით მის შეცვლას ცდილობენ. საქართველოში ხელისუფლება თუ ფაქტობრივი ოპოზიციით, ანუ დასავლეთის მიმართ სრულ მორჩილებაში მყოფი რეზიდენტული დაჯგუფებით ჩანაცვლდება, მერე დაუყოვნებლივ ეს გეგმაც განხორციელდება! ამიტომ მიმაჩნია, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები „კურსკი-2“-ის პრელუდიას წარმოადგენს! თბილისში რევოლუციის ინსპირაციის პარალელურად, კოლექტიურმა დასავლეთმა უკვე დაამხო სირიის ხელისუფლება და ფაქტობრივად, ეს სახელმწიფო რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური რუკიდან საერთოდ წაშალა.
– სირიის ამბებს რა საერთო აქვს საქართველოსთან?
– 30 მილიონიანი სირია მეზობელმა ქვეყნებმა დაინაწილეს! ჩვენს თვალწინ გაცამტვერდა გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპი. მოგეხსენებათ, თურქეთში ცხოვრობს რუსების მიერ დეპორტირებული 7 მილიონი ჩრდილოკავკასიელი, ხოლო სირიაში-2 მილიონი. კავკასიაში დაბრუნება მათი მიზანია. ამას გარდა, სირიაში იბრძოდნენ ჩრდილო კავკასიელი დაქირავებული ბოევიკები – ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, ყაბარდოელები… სამშობლოში ხომ უნდა დაბრუნდნენ?! სწორედ მათ განესაზღვრებათ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწყობის ამოცანა. არ არის გამორიცხული, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სრულიად 800 კილომეტრიანი პერიმეტრი ფრონტის ხაზად იქცეს. ფრონტის ხაზი გაივლის აფხაზეთშიც, რათა უკრაინაში მყოფ ქართველ, ბალტიისპირელ, ბელარუს და უკრაინელ ბოევიკებს საქართველოში შემოსასვლელად გზა გაუხსნან. დაიწყება მასშტაბური პროპაგანდა, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ საერთო კავკასიურ ომში გამარჯვების შედეგად, საქართველოს სამაჩაბლო და აფხაზეთი დაუბრუნდება. ამ საბაბით, საქართველოში უკვე მყარად ფეხმოკიდებული სხვადასხვა ეროვნების ბოევიკები შეუდგებიან რუსეთის წინააღმდეგ ომში ყველა ბრძოლისუნარიანი ქართველი მამაკაცის იძულებით მობილიზაციას. ქართველებს ეტყვიან: – “ჩვენ უკვე წლებია, რუსებს ვეომებით და თქვენ იარაღის ხელში დაჭერაც არ გინდათ?” გაკოჭილებს წაიყვანენ და წინა ხაზზე გაამწესებენ, უკან თავად დაუდგებიან, რომ ფრონტიდან გამოქცევა ვერ მოახერხონ! ხოლო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების დაპირება რაღა თქმა უნდა სატყუარაა. ეგ კი არა, სხვა ტერიტორიებსაც ჩამოგვაჭრიან!
– რა მექანიზმით?
– საქართველო უმოკლეს დროში გადაიქცევა სირიიდან ბოევიკების რუსეთისკენ გამტარ ტრანზიტულ ქვეყნად, რუსებთან ომის ზურგად და, იმავდროულად, სამხედრო ბაზად. შესაბამისად, გადაიქცევა რუსული მძლავრი იარაღის სამიზნედ. არავინ იცის, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცევა თურქეთი, რომელსაც სირიის სახით ყურისძირში ფაქტობრივად, ტერორიზმის საფრთხე შეუქმნეს. ისიც ცნობილია, რომ თურქეთს ქართულ მიწებზე თვალი უჭირავს; ქართველებს კი, გვიჭირს იმის აღიარება, რომ რეგიონში თურქეთის ამბიციების ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორს რუსეთი წარმოადგენს! ეს ფაქტორი თუ კავკასიური ომის შედეგად მოიშლება, თურქეთი შესაძლოა საქართველოში სულაც, სამშვიდობო მისიით შემოვიდეს, რათა აჭარა, გურია და ჯავახეთი სირიიდან შემოჭრილი ბოევიკების და ტერორისტების თარეშისგან „იხსნას,“ რომლებიც პოტენციურად, თურქეთისთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ. ოღონდ, მერე ამ მიწებს თურქეთი მშვიდობიანად აღარ შეელევა. კოლექტიურ დასავლეთს კი, საქართველოს მთლიანობა საერთოდ არ ედარდება.
სირია დღეს
– თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ნუთუ რუსეთი არ დაგვეხმარება?
– რაც რამდენიმე დღის წინ სირიაში მოხდა, საქართველოშიც შეიძლება განმეორდეს – ჩვენი ტერიტორიები უცხოელმა ბოევიკებმა დაიკავონ, მით უფრო, როცა დედაქალაქში არეულობაა და ჭინკები სატანისტურ ღონისძიებებს ატარებენ!
რუსებს უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყანა ადარდებთ. სამხრეთიდან შემოჭრილ მტერს დაუნდობელი ცეცხლით უპასუხებენ – წლების განმავლობაში ისრაელი და თურქეთიც ხომ ამგვარად იცავდა თავს. ეს ცეცხლი საქართველოს დაატყდება, საომარ პოლიგონად და ნანგრევების გროვად, ხოლო მოსახლეობას – ძალმომრეობის მსხვერპლად გადააქცევს. მანდილოსანი და ბავშვი მშვიდად ვერსად გაივლიან, სხვადასხვა ჯურის ბოევიკები მათ მოეპყრობიან, როგორც ნადავლს! ამ უბედურებას დაემატება ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მილიონიანი ნაკადი, რომლის საქართველოში შემოღწევა დემოგრაფიულ ბალანსს სამუდამოდ შეცვლის. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იარაღზეც არ მიგვიწვდება ხელი, რომ დროებით მაინც, ძალმომრეობისგან ოჯახების დაცვა მოვახერხოთ!
– საზარელი პერსპექტივა დახატეთ. აქედან როგორი გამოსავალი გესახებათ?
– განსაცდელი ძალიან ახლოს არის და თავს ნურავინ დაიარხეინებს, რომ მოვლენები გვერდს აგვივლის, გონებას მოვუხმოთ! საბედისწერო საფრთხემ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ჯგუფები ქვეყნის გადარჩენის მიზნით ელვის უსწრაფესად უნდა გააერთიანოს და რევოლუციის წინააღმდეგ სრულიად ქართველი საზოგადოება დარაზმოს.
უცხოეთიდან დაკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ნებისმიერი საშუალებით უნდა აღიკვეთოს, ვიდრე მოვლენები კონტროლის ფარგლებიდან გავა და გამოუსწორებელი ტრაგედია დატრიალდება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: tvalsazrisi.ge
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25