img1


ბაიდენის ნაბიჯს თამაშში შემოჰყავს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის იარაღი

ყველა თვალი ლონდონისა და პარიზისკენაა მიმართული მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკული რაკეტები რუსეთის შიგნით, სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს.

 

საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ კიევს გადასცეს თავიანთი Storm Shadow/SCALP საკრუიზო რაკეტები, თუმცა ლონდონს ჯერჯერობით არ მიუღია ნებართვა აშშ-ისგან, რომ უკრაინას, რუსეთის სიღრმეში დასარტყმელად, რაკეტების გამოყენების უფლება მისცეს. პარიზის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საკრუიზო რაკეტები დამზადებულია რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს მიერ, აშშ აკონტროლებს კომპანიის ზოგიერთ ტექნოლოგიას, რაც მას, რაკეტების გამოყენების თვალსაზრისით, გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევს.

„როგორც საფრანგეთის, ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადრე გამოხატა მზადყოფნა, მისცენ უფლება უკრაინას, რომ მათ მიერ მიწოდებული რაკეტები რუსეთის სიღრმეში გამოიყენონ“, − თქვა მეთიუ სავილმა, ლონდონის გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის სამხედრო მეცნიერებათა დირექტორმა, − „თუმცა, ორივე ეყრდნობა განახლებულ მონაცემებს სამიზნეების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-იდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაკეტების გამოყენება ჯერ კიდევ დაბლოკილია“.

აქამდე, როგორც ამერიკული, ასევე ევროპული რაკეტები გამოიყენებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში არსებული სამიზნეების, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, წინააღმდეგ, რომელიც ყირიმშია განთავსებული.

 

საფრანგეთმა კიევს რამდენიმე ათეული SCALP რაკეტა გადასცა. ორმა ფრანგმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პარიზს არ სჭირდება ვაშინგტონის თანხმობა, რათა უკრაინელებს მათი გამოყენების უფლება მისცეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ კიევი იყენებს SCALP-ებს რუსეთის შიგნით.

ორშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოზიცია „სტრატეგიული გაურკვევლობის შესახებ“.

ორშაბათს ღამით, რიო დე ჟანეიროში, G20-ის ლიდერების სამიტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ მისი შეხედულებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო „კარგი გადაწყვეტილება“, როცა უკრაინას აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა.

შეკითხვაზე, გაჰყვება თუ არა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბაიდენის გზას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებთან დაკავშირებით, დაუნინგ სტრიტ #10-ის სპიკერმა თქვა: „ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საკუთარ მოკავშირეებთან და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ის სტრატეგიული მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება და ამას ვაკეთებთ როგორც უკრაინასთან, ასევე ერთმანეთთან კონსულტაციის შედეგად“.

 

იტალიამაც გადასცა უკრაინას SCALP რაკეტები, მაგრამ მან დიდი ხანია ცხადყო, რომ არ დაუშვებს მათ გამოყენებას რუსეთის შიგნით.

„ჩვენ გავყვებით გზას, რომელსაც ყოველთვის მივყვებოდით“, − განუცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა ჟურნალისტებს ორშაბათს, ბრიუსელში.

ბაიდენის ნაბიჯმა უფრო ფართო ევროპული მხარდაჭერა დაიმსახურა.

„მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უკრაინელებს უნდა შეეძლოთ გამოიყენონ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ არა მხოლოდ ისრების შესაჩერებლად, არამედ მშვილდოსნებზე დასარტყმელად“, − თქვა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა.

ყოველივე ეს ასევე აძლიერებს ზემოქმედებას გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე, რათა გადახედოს თავის პოზიციას (მტკიცე უარს) უკრაინისთვის Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, შოლცის პოზიცია უცვლელია.

 

„კანცლერისთვის არსებობს გარკვეული შეზღუდვები“, − თქვა მისმა წარმომადგენელმა, − „მას არ სურს ამ იარაღის მიწოდება. ეს პოზიცია არ შეიცვლება“.

უკრაინა თვეების განმავლობაში სთხოვდა თავის მოკავშირეებს, შეემსუბუქებინათ შეზღუდვები რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ომზე.

„უკრაინისთვის ATACM-ების გამოყენების უფლების დაშვება ომის მიმართ ამერიკის მიდგომის ზოგად მაგალითს გამოხატავს: იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინა ვერ მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს რუსეთს…“ − ამბობს ჯეიმს ნიქსი, Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი, და იქვე დასძენს: „წვეთოვანი კვება გრძელდება“.

„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არ საჭიროებენ დიდ წახალისებას იმისათვის, რათა ამერიკას მიბაძონ. გერმანია ისევ უკან ზის“, − დასძინა მან.

 

დესტრუქციული შესაძლებლობები

 

უკრაინას აქვს შორ მანძილზე მოქმედი საკუთარი რაკეტები და უფრო მეტს ავითარებს. იგი ასევე რეგულარულად ურტყამს რუსულ სამიზნეებს თავისი დრონებით, მაგრამ დასავლური იარაღი უზრუნველყოფს ზუსტ და ძლიერ დარტყმას, რაც კიევს დღემდე აკლია.

„დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება… რაკეტები თავად ისაუბრებენ“, − თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათ-კვირას.

ამერიკული ATACMS, რომელიც აშენდა Lockheed Martin-ის მიერ და ფუნქციონირებს 1991 წლიდან, სახმელეთო ბალისტიკური რაკეტაა, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია. მას შეუძლია ატაროს ორი ტიპის ქობინი: კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც ისვრის ბომბებს სამიზნე ზონაში და 214-კილოგრამიანი უნიტარული ქობინი, რომელიც გამოიყენება გამაგრებული ობიექტებისთვის.

უკრაინა მათ 2023 წლიდან იყენებს. თავდაპირველად მიეწოდებოდა უფრო მოკლე დიაპაზონის M39 Block-ის ვარიანტი.

 

Storm Shadow/SCALP და Taurus საკრუიზო რაკეტები თითქმის ერთმანეთის მსგავსია.