img1


რისთვის შიმშილობენ ქაჯაიები? კომპანიის ნანგრევების მოკლე ისტორია

ორშაბათიდან ანა და ლანა ქაჯაიები გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ. მიზეზად „უსამართლობას“ ასახელებენ.

 

სანამ ვინმე თანაგრძნობით აღივსება, ერთი წუთით შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა ამ „უსამართლობამდე“. არა ლაივებით, არა ლოზუნგებით, არამედ დოკუმენტებით.

 

1. ერთი ხელი, ორი მხარე (2021).

ლანა ქაჯაია ერთ შეთანხმებას ორჯერ აწერს ხელს: ერთ მხარეს კომპანიის დირექტორი, მეორე მხარეს ეგვიპტელი ინვესტორის რწმუნებული. თავად ყიდის, თავად ყიდულობს, თავად აღიარებს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიიდან 296 520 დოლარი გავიდა „ნაღდი ფულით“. სად წავიდა ეს ფული? საბანკო კვალი არსად ჩანს. არც ერთი ქვითარი, არც ერთი გადარიცხვა, მხოლოდ ერთი სიტყვა: „ნაღდით“.

 

2. პარტნიორის წილი 300 ლარად (2022).

მილიონების ღირებულების კომპანიის 50%. 300 ლარად. ესაა ერთი კარგი ვახშმის ფასი ორი კაცისთვის, ან ერთი თვის კომუნალური გადასახადი. ამ ფასად გადავიდა ქაჯაიების დედაზე წილი, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების შრომა უჯდებოდა. ამ ეპიზოდს ახლა სისხლის სამართლის საქმე იკვლევს.

 

3. ორი დოკუმენტაცია (2022–2023).

ბანკისთვის და რეესტრისთვის ქონება კომპანიისაა. რეესტრის მიღმა კი, ჩუმად, იქმნება სხვა რეალობა: ლანა ქაჯაია ორივე მხარის სახელით აფორმებს შეთანხმებას და ცალმხრივად „აღიარებს“, რომ 2560 კვ.მ ინვესტორს ეკუთვნის. საფუძვლად კი უთითებს იმ რეგისტრაციას, რომელიც პირდაპირ საპირისპიროს ამბობს. ერთი ქაღალდი ბანკისთვის, მეორე საკუთარი თავისთვის.

 

4. სასამართლოს ბეჭედი (2024–2026).

ადვოკატი ქეთევან უტიაშვილი ინვესტორის სახელით კომპანიას უჩივის. კომპანიის სახელით სარჩელს ცნობს... ლანა ქაჯაია. ერთი დავა, ორი მხარე, ერთი ოჯახი. მეორე პარტნიორი იმას, რომ მისი კომპანია სასამართლოში „მარცხდება“, შემთხვევით იგებს. ეს სასამართლო დავა კი არ არის, ეს სპექტაკლია, რომლის მსახიობებიც ერთმანეთს წინასწარ შეთანხმებულ რეპლიკებს აწვდიან.

 

5. შედეგი.

კომპანია, რომელიც შენდებოდა, რომელსაც ბინები უნდა აეშენებინა და ოჯახები უნდა დაესახლებინა, დღეს ნანგრევებად დგას: ბანკის ვალებში, ათობით დავასა და ყადაღაში. პარტნიორებს წილები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ინვესტორს ქონება აღარ აქვს. მყიდველები, რომლებმაც ბინისთვის მთელი დანაზოგი გადაიხადეს, კითხვებით რჩებიან: სად არის ჩვენი სახლი?

 

6. ბრალდება.

საქართველოს პროკურატურამ ქაჯაიებს ჯგუფურ თაღლითობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წარუდგინა ბრალი. ზიანი, ბრალდების მიხედვით, „არანაკლებ 5 მილიონია“.

 

და ახლა შიმშილობა.

 

რის წინააღმდეგ? იმის, რომ გამოძიებამ ბოლოს და ბოლოს დოკუმენტები წაიკითხა? იმის, რომ ექსპერტიზა ჩატარდა? იმის, რომ მოწმეებმა სიმართლე თქვეს, მიუხედავად წლობით დევნისა, ფეიქებისა და მუქარისა?

 

ამ კვირის ფონი ასეთია:

 ფეიქ-პროფილებიდან „დაგცხრილავთ“ და „დაგწვავთ“ ჟურნალისტისთვის;

 მოწმეებზე ზეწოლა;

 პროკურორები „რობოკოპები“ არიან;

 „ყველა განსასჯელის სკამზე დაჯდება“;

 გამოძიების მასალების ქუჩაში განხილვა, ხელმოწერით მიცემული გაფრთხილების მიუხედავად.

 

შიმშილობა პროტესტის კანონიერი ფორმაა. ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას, მათაც. მაგრამ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაზეა ეს პროტესტი: სამართლიანობაზე თუ იმაზე, რომ სამართალი პირველად აღსრულდება?

 

რადგან ამ ისტორიაში ნამდვილი შიმშილი სხვებმა განიცადეს:

ინვესტორმა, რომელმაც უცხო ქვეყანაში ქაჯაიებს ენდო და ყველაფერი დაკარგა;

 პარტნიორებმა, რომელთა წლების შრომა 300 ლარად შეფასდა;

 მოწმეებმა, რომლებმაც წლები გაატარეს ზეწოლაში, ღამის მესიჯებში, გინებასა და შიშში და მაინც არ გაჩუმდნენ;

მყიდველებმა, რომლებიც დღემდე ელოდებიან სახლს, რომელიც, შესაძლოა, აღარასოდეს აშენდეს;

 და კომპანიამ, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევები დარჩა.

 

ისინი არ შიმშილობდნენ კამერების წინ. ისინი ჩუმად იტანდნენ და სწორედ მათი სიჩუმე იყო ყველაზე ხმამაღალი პროტესტი.

 

ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს. და სასამართლო სწორედ დოკუმენტებს გაითვალისწინებს, არა შიმშილობას, არა ლაივებს, არა მუქარას.

 

გამოძიება გრძელდება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი