— უკვე ცხრა წელია, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას პროფესიულ დონეზე, ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალს. თამამად და გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ფაქტობრივად ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, ვინც ამ მიმართულებით ასე ხანგრძლივად და სიღრმისეულად მუშაობს. ეს წლები იოლი ნამდვილად არ ყოფილა. რთულია იყო ობიექტური ქვეყანაში, სადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დასავლური პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობს. ჩვენს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდების ორი თაობა, რომლებიც სასკოლო მერხიდან საუნივერსიტეტო აუდიტორიებამდე USAID-ისა და სხვა დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული, მიკერძოებული პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით იზრდებოდნენ.
ამ იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, ჩემი პროფესიული გზა ყოველთვის ეფუძნებოდა რეალური სურათის ჩვენებას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი რუსეთის ფედერაციის წამყვან ფედერალურ მედიასაშუალებებთან, დღეს კი მაქვს პატივი, წარმოვადგინო ქვეყნის უმსხვილეს მედიაჰოლდინგ „იზვესტია“ საქართველოში. ეს გამოცდილება მაძლევს საფუძველს, მოვლენებს ზედაპირული ემოციების გარეშე, პრაგმატულად შევხედო.
— ბოლო პერიოდში აშკარაა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გარკვეული დათბობა: იზრდება სავაჭრო ბრუნვა, რეკორდულ ნიშნულს აღწევს ტურისტების ნაკადი და საზოგადოებრივ დონეზეც ხალხი უკვე მზად არის ნორმალიზაციისთვის. თუმცა, იქმნება განცდა, რომ პროცესს რაღაც უხილავი ბარიერი აფერხებს.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოქმედი მთავრობის ეფექტური მუშაობა. გლობალური კრიზისის, რეგიონში მიმდინარე ომებისა და მუდმივი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი რესურსების მაქსიმუმს აკეთებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას გიგანტ მოთამაშეებს შორის ლავირება უწევს, რასაც დღევანდელი გუნდი თავს წარმატებით ართმევს.
მაგრამ მხოლოდ ლავირება საკმარისი არ არის — საზოგადოება ელის გარღვევას, სასწაულები კი პოლიტიკაში არ ხდება. რეალური შედეგი ვერ დადგება, თუ არ დაიწყება პირდაპირი, უშუალო მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის. აქ კი მთავარ გამოწვევას აწყდებით: თუ რუსეთის მხარეს გვყავს გამოცდილი პრეზიდენტი, რომელსაც ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის მოლაპარაკებების მართვა შეუძლია, საქართველოს სამთავრობო კაბინეტს დღეს მართავს ახალგაზრდა, განათლებული, თუმცა გეოპოლიტიკური მასშტაბით ჯერ კიდევ გამოუცდელი გუნდი. ამ ახალგაზრდებმა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ავტორიტეტის წყალობით მიიღეს მოსახლეობის მანდატი.
შექმნილი რეალობიდან და ეროვნული გამოწვევებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში სრულფასოვანი დაბრუნება. სწორედ ის უნდა გაუძღვეს ახალგაზრდა ლიდერებს.
მხოლოდ მისი წონისა და პოლიტიკური კალიბრის ფიგურის ჩართულობის შემდეგ გახდება შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების უმაღლეს დონეზე შეხვედრა.
ამ შეხვედრაზე უნდა გადაიჭრას ყველა საკვანძო საკითხი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა — რაზეც არაერთხელ უსაუბრია პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერს, მამუკა ფიფიას. თავად შეხვედრის ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს; ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ნეიტრალურ თუ რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში, თუნდაც ბელარუსში. მთავარია შედეგი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ის უნიკალური გამოცდილება, ავტორიტეტი და თვისებები, რომლებიც საშუალებას მისცემს, წარმატებით გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რაც ამდენი წლის განმავლობაში აშორებდა ჩვენს სახელმწიფოებს.
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12
2026-07-10
2026-07-10
2026-07-10
2026-07-09
2026-07-08
2026-07-05
2026-07-03