img1


"ოკუპანტის" ხელით "მოძმისთვის" გამოგლეჯილი აჭარა და ახალი იმედი – ჩინეთი! |ირაკლი ყიფიანი

აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის სიბრძნეზე, უფრო სწორად, მის მრავალგანზომილებიან, თითქმის კვანტურ სირთულეზე. ერთი მხრივ, გვაქვს დასავლური მიმართულება, რომლის მიმართაც რიტორიკა, რბილად რომ ვთქვათ, ფილოსოფიურ სიღრმეებს აღწევს – იმდენად ღრმას, რომ პერიოდულად კლასიკურ, მიწასთან გასწორების ტექნიკას უახლოვდება. არახალია ეს ჩემთვის, სიმართლე გითხრათ; ჯერ კიდევ მეხუთე კლასის მერხიდან ვეუფლებოდი ანტიდასავლური პათოსის ნატიფ ხელოვნებას, მათ გლობალურ პოლიტიკაზე დაკვირვებითა და საკუთარი ბავშვური, მაგრამ უკვე მაშინ საოცრად მახვილგონივრული დასკვნებით. ამიტომ, დღევანდელი ე.წ ექსპერტებისა და ჩინოვნიკების მარგალიტებით ვინ გამაკვირვებს? ეს ხომ უკვე გავლილი მასალაა, თანაც უმაღლეს დონეზე.

 

რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, აქ სცენარი თითქოსდა უცვლელია: ის "ოკუპანტია". ეს აქსიომა, რომელსაც დღე და ღამე ყველა პოლიტიკური ფლანგიდან ისე გულმოდგინედ გვიმტკიცებენ და გვიმეორებენ, თითქოს საკუთარი არსებობის ერთადერთ გამართლებას წარმოადგენდეს, საოცრად მოსახერხებელი ფარდა აღმოჩნდა.

 

ფარდის მიღმა კი, იმ დროს, როცა საჯარო ლანძღვა-გინების პატრიოტული პათოსი ზენიტშია, საოცარი სინქრონულობით მიმდინარეობს ჩუმი და კონფიდენციალური "მოღვაწეობა". ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და რაღა თქმა უნდა, "სამშობლოსთვის თავდადებული" ოპოზიციონერებიც კი, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსულ კონტაქტებსა და ბიზნეს-ინტერესებში ჩუმად "გაძრომაში" და კავშირების მოგვარება-დალაგებაში.

 

საჯაროდ რა თქმა უნდა, არავინ საუბრობს ისეთი ურთიერთობების შესაძლო ფორმებზე, რომელთაც შეეძლოთ ამ გაჭირვებული ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის თუნდაც მცირე შვება მოეტანათ, ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ – ეს ხომ ღალატის ტოლფასია, ან უბრალოდ, ხელს შეუშლიდა პირად გამდიდრებას. და ასე, სანამ რიტორიკა "ოკუპანტის" გარშემო ტრიალებს და ამით საზოგადოების ყურადღება გადატანილია, ჯიბეები ყველა დასახელებულ მხარეს – იქნება ეს ხელისუფალი, უმრავლესობის წევრი თუ "პრინციპული" ოპოზიციონერი – ერთნაირი წარმატებით სქელდება. მართლაც, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო "სტრატეგიული" და ამავდროულად, მომხიბვლელად პრიმიტიული ამ ჩვენს საოცარ რეალობაში?

 

და აი, ჩვენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი, თურქეთი! ისტორიულად "მოძმე ერი", როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი, განსაკუთრებით გამჭრიახი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გვამცნობდა ხოლმე, ეტყობა იმდენად "მოძმე", რომ საუკუნეების განმავლობაში იმ "ძმურ" ურთიერთობებში რაღაც გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი – ჩვენი ტერიტორიების ათვისება თუ სხვა მსგავსი "წვრილმანები". აჭარას რაც შეეხება, ეს ხომ საერთოდ სტრატეგიული პარტნიორობის მარგალიტია – სწორედ იმ "ოკუპანტი" რუსეთის დახმარებით "გამოვგლიჯეთ" თავის დროზე "მოძმე" თურქეთს ეს მხარე. აი, ასეთია გეოპოლიტიკური ირონია, როცა ერთი ოკუპანტი მეორესთან ბრძოლაში გეხმარება ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლის დაბრუნებაზეც, სხვათა შორის, დღესაც ალალად ოცნებობენ "მოძმეები", ეკონომიკური ექსპანსიითა და "რბილი ძალით" ნელ-ნელა რომ იკაფავენ გზას.

 

არც აღმოსავლეთით გვაქვს საქმე იოლად. ჩვენი კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს... და დავითგარეჯის კომპლექსის საკითხიც... აქაც ალბათ, რაიმე ღრმა სტრატეგიული ჩანაფიქრია, რომელსაც ჩვენ, უბრალო მოკვდავები, ვერ ვწვდებით.

 

ამ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე, სადაც ერთი ფლანგი ლანძღვით გვაქვს გამაგრებული, მეორე "ოკუპაციის" შავი ხვრელით "ამშვენებს" პეიზაჟს, მესამე "ძმური" ზრახვებით გვიმზერს და მეოთხე კი კულტურულ მემკვიდრეობას გვართმევს, , სცენაზე გამოდის დიადი და როგორც ჩანს, ჩვენთვის ერთადერთი იმედის მომცემი – ჩინეთი! დიახ, სწორედ ის შორეული, დრაკონების ქვეყანა, რომლის იმედზეც უნდა ავაგოთ ჩვენი ნათელი მომავალი. ლოგიკა? გენიალურია! რას იტყვით, ეს ხომ ისეთი "რასკლადია", ისეთი ფილიგრანული სვლაა, რომელსაც ალბათ ვერც ბისმარკი მოიფიქრებდა და ვერც მაკიაველი აღწერდა თავის "მთავარში".

 

ეს მრავალვექტორიანობა კი არა, მრავალპოლუსიანი სასოწარკვეთაა, რომელიც გენიალურობის პრეტენზიით იმოსება. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამაშია ჩვენი ეროვნული ხსნის კოდი – ვაგინოთ ყველას, ვინც აქამდე რამით გვეხმარებოდა ან პოტენციურად შეეძლო დახმარება, "ვიძმაკაცოთ" მათთან, ვინც საუკუნეების მანძილზე გვანადგურებდა, გვამცირებდა და დღესაც ჩვენს მიწებზე აცხადებს პრეტენზიას, დავეყრდნოთ მას, ვისთვისაც რეგიონში ჩვენი არსებობა, საუკეთესო შემთხვევაში, სტატისტიკური ცდომილებაა. მართლაც, ტაში და მხოლოდ ტაში ამ გეოპოლიტიკურ შედევრს! ვზივარ და ვტკბები ამ ინტელექტუალური პირუეტით, თან ვცდილობ გავარკვიო: ამ რთულ კომბინაციაში ჩვენ ვინ ვართ – მოთამაშეები თუ უბრალოდ, დაფა, რომელზეც სხვები თამაშობენ?

 

პატივისცემით, 

 

ირაკლი ყიფიანი 

 

08.05.2025