img1


რას გვაყვედრიან? "მეორე ფრონტის" შეუძლებელი მისია |ირაკლი ყიფიანი

რას გვაყვედრიან? "მეორე ფრონტის" შეუძლებელი მისია

მოდით სრული პატიოსნებით მივიღოთ საწყის წერტილად ის, რასაც ხშირად გვეუბნებიან: დიახ, იყო კოლოსალური, დაუნდობელი წნეხი დასავლეთიდან 

დიახ, სურდათ, რომ საქართველო, ეს პატარა წერტილი დიდ რუკაზე, გადაგვეგდო გეოპოლიტიკური ხორცსაკეპ მანქანაში, როგორც "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ. მოდით, ამაში წამითაც ნუ შევიტანთ ეჭვს – წნეხი იყო და მიზანიც მსხვერპლშეწირვა იყო.

ახლა როცა ეს მოცემულობა მივიღეთ, მოდით, ანალიტიკური მიკროსკოპით დავაკვირდეთ იმ "იარაღს", რომლის გამოყენებასაც ასე გვაიძულებდნენ - ანუ, თვითონ საქართველოს, როგორც "მეორე ფრონტს". რა ფენომენია ეს?

ისევ და ისევ, ცივი გონებით: ჩვენი გეოგრაფია, რომელიც რთულ რელიეფს გვთავაზობს, მაგრამ სტრატეგიული სიღრმე პრაქტიკულად არ გააჩნია. ჩვენი დემოგრაფია – ერთი საშუალო ევროპული ქალაქის მოსახლეობა. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი და შეიარაღება – უკრაინის კონფლიქტში ერთი კვირის დანახარჯებს თუ შეედრება (და ესეც ალბათ, ოპტიმისტური შეფასებაა).

ამ ფონზე, რა სახის "მეორე ფრონტის" გახსნაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, რომელიც რეალურად რაიმე სტრატეგიულ გავლენას მოახდენდა იმ გიგანტურ კონფლიქტზე? ეს იგივეა, რომ სერიოზულად განვიხილავდეთ, როგორ შეიძლება პინგ-პონგის ბურთით სატვირთო მატარებლის შეჩერება. კი ბატონო, შეიძლება ისროლო ეს ბურთი, შეიძლება გაიძულებდნენ სროლას, მაგრამ ფიზიკის კანონები ხომ არ იცვლება ამით? ბურთი მაინც ბურთია და მატარებელი – მატარებელი.

აქედან მივდივართ იმ დასკვნამდე, რომელსაც ასევე ხშირად გვთავაზობენ: "მეორე ფრონტი არ გავხსენით და ამიტომ გვაქვს მშვიდობა". ფაქტობრივად, სწორია- ფრონტი არ გახსნილა და (შედარებითი) მშვიდობა გვაქვს. მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მხოლოდ "არ გავხსენით"-ზე დაყვანა, ცოტა არ იყოს, ინტელექტუალურ კურიოზს ჰგავს.

დიახ, ჩვენ არ შევასრულეთ ის, რასაც გვაიძულებდნენ. მაგრამ ხომ არ გვაქვს საქმე სიტუაციასთან, როცა გვაიძულებდნენ იმას, რისი შესრულებაც ობიექტურად, ფიზიკურად, სამხედრო-სტრატეგიულად შეუძლებელი იყო ? ანუ კი, ჩვენ არ გადავხტით უფსკრულში, როცა გვიბიძგებდნენ. მაგრამ იქნებ იმიტომაც არ გადავხტით, რომ უფსკრულის მეორე მხარეს გადაფრენა ისედაც ფანტასტიკის სფერო იყო ჩვენი შესაძლებლობებით?

ამიტომ, როცა გვესმის "ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რადგან არ ავყევით პროვოკაციას-ზეწოლას და არ გავხსენით მეორე ფრონტი", ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მშვიდობა(თუ ამას მშვიდობა ჰქვია) რომელიც გვაქვს, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტად არის განპირობებული არა მხოლოდ ჩვენი (ან ხელისუფლების) გონივრული თავშეკავებით (რაც თავისთავად დასაფასებელია, ზეწოლის პირობებში), არამედ იმ ფუნდამენტური ფაქტით, რომ "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოს მიერ იყო და არის სტრატეგიული და ლოგისტიკური ნონსენსი.

ასე რომ, დიახ, მშვიდობა(თუ ამას მშვიდობა ჰქვია) გვაქვს. და დიახ ფრონტი არ გახსნილა. მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ამ "არგახსნაში" ლომის წილი, ჩვენს სურვილზე ან უარზე მეტად, ჩვენს ობიექტურ შეზღუდულ შესაძლებლობებს მიუძღვის. ამის აღიარება არანაირად არ აკნინებს იმას, თუ რა წნეხის ქვეშ ვიყავით, უბრალოდ სურათს უფრო სრულყოფილს და რეალისტურს ხდის და ცოტა ირონიულსაც, რა თქმა უნდა.

წერს ირაკლი ყიფიანი