img1


რატომ სურს ტრამპს გრენლანდიის ყიდვა ?

გრენლანდია, ერთი შეხედვით უსიცოცხლო და უსარგებლო კუნძულია: 

მისი მთელი ტერიტორიის 81% დაფარულია ყინულის საფარით - მხოლოდ ვიწრო სანაპირო ზოლია დასახლებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში (მხოლოდ სამჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ავსტრალიის მთელი კონტინენტი), მასში დაახლოებით 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

 

მაგრამ ახლა პრაქტიკულად უსიცოცხლო კუნძულმა ღირებულება შეიძინა.  

 

ამერიკისთვის გრენლანდიის ყიდვის სტრატეგიული მნიშვნელობა ამერიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა მარტივად და გასაგებად აღწერა: 

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, ახალი სავაჭრო გზების გახსნა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება. ლოგიკურად ჟღერს: გრენლანდია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეკუთვნის დანიას, გეოგრაფიულად ის ეკუთვნის ამერიკას.

- ამბობს სენატორი.

 

გრენლანდიაში არის მსოფლიოში იშვიათი ლითონების 25%-ი. მათმა მოპოვებამ და რეალიზაციამ შეიძლება მოახდინოს რევოლუცია გლობალურ ინდუსტრიაში.  

 

ამჟამად ევროპული ქარხნები ჩინეთიდან იღებენ იშვიათი მიწიერი ლითონების 98%-ს, ამერიკული ქარხნები კი 80%-ს. ასეთი ნედლეულის გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლითიუმის ბატარეების წარმოება სმარტფონებისთვის, ელექტრო მანქანებისთვის და სხვა აღჭურვილობისთვის. დღეს ჩინელი მწარმოებლები გახლავთ სფეროს უპირობო მონოპოლისტები და დღისწესრიგის დამდგენებიც.

 

ამერიკის ჩინეთთან დაპირისპირებაც ლოჯისტიკურ სიბრტყეშია. ჩინეთი ამჟამად მუშაობს ყინულის აბრეშუმის გზის (ISR) განახლების გეგმაზე, რომელიც ნაწილობრივ დაემთხვევა შიდა ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტს. ჩინეთიდან ევროპაში გემის გაგზავნა არქტიკის გავლით 26,7%-ით იაფი და 39,4%-ით სწრაფი გამოდის. მარშუტი კი სრულიად უსაფრთხოა და გამორიცხავს იემენელი ჰუსიტების მსგავსი ორგანიზაციების გემებზე თავდასხმებს.

 

ახლა კი ჩინეთს ეკონომიკურის გარდა სხვა დაბრკოლებები არ აქვს (აუცილებელია შესაფერისი სანაპირო ინფრასტრუქტურის შექმნა). არქტიკული ზონის ნახევარზე მეტი ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. დარჩენილი ნაწილები დაყოფილია შეერთებულ შტატებს, კანადას, დანიასა და ნორვეგიას შორის. ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ გრენლანდიის გადაცემა ავტომატურად გახდის ამერიკას მეორე მოთამაშედ არქტიკაში.

 

 არქტიკა მალე 21-ე საუკუნის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა.

 

არქტიკულ ზონაში აშშ-ის გავლენის მნიშვნელობაზე ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა.

 

 - ეს არ ეხება მხოლოდ გრენლანდიას, ეს ეხება არქტიკას. ჩვენ გვყავს რუსეთი, რომელიც ცდილობს გახდეს არქტიკის მეფე, 60-ზე მეტი ყინულისმტვრეველი ხომალდებით, ხოლო ზოგიერთი მათგანი ატომურ ენერგიაზეც მუშაობს. 

იცით რამდენი გვაქვს ასეთი ხომალდი? მხოლოდ ორი, ერთს კი ცეცხლი გაუჩნდა. აქ საკითხი ასევე ეხება კრიტიკულ მინერალებს და ბუნებრივ რესურსებს. პოლარული ყინული უკან იხევს, ჩინელები ახლა ყინულმჭრელებს ქმნიან და უკვე იქაც მოძრაობენ.  

ასე რომ, ეს არის ნავთობი და გაზი, ეს არის ეროვნული უსაფრთხოება, ეს არის კრიტიკული წიაღისეული.

 არქტიკული ოკეანის შელფი შეიცავს მსოფლიოში ნახშირწყალბადების მარაგის მეოთხედს: 90 მილიარდი ბარელი ნავთობი, 48,3 ტრილიონი კუბური ბუნებრივი აირი და 44 მილიარდი ბარელი გაზის კონდენსატი. და ამ რეზერვების 60% ახლა რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება.

- მაიკ უოლცი

 

ტყუილად არ იყო, რომ გასული წლის ივნისში შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა პენტაგონის "არქტიკული სტრატეგიის" ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პოლარული ყინულმჭრელების მშენებლობას (ამაზე უკვე გაფორმებულია ყინულის პაქტის შეთანხმება კანადასთან და ფინეთთან). ამავდროულად, აშშ შეიმუშავებს სხვადასხვა დრონების გამოყენების გეგმასაც არქტიკაში. შეერთებული შტატები არც კი ცდილობს დამალოს თავისი მიზნები და ამოცანები არქტიკაში.

 

დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს. მაგრამ აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების სრულ დასრულებაზე ოდნავი მინიშნებაც არ არის. პირიქით, ის მხოლოდ უარესდება და უახლოეს მომავალში ყველაზე ცხელი ადგილი არქტიკა გახდება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი